გახშირებული ხანძრები საქართველოში და პრევენციის გზები [Audio]

ტყის ხანძრების მონიტორინგის მსოფლიო სისტემის (Global Forest Fire Watch) ბაზაში 16-დან 23 აგვისტომდე საქართველოში 366 შეტყობინება დაფიქსირდა.
შეტყობინება საქართველოს 10 რეგიონიდან განხორციელდა.

მხოლოდ 20 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ოთხი რთული ხანძარი ჩააქრეს. ამ დღეს, ცეცხლი გაჩნდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაბა სურამში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში.

რამდენიმე დღეა სტიქიას ებრძვიან ბორჯომის ხეობაში. ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია და ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა- დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე speqtri.ge-სთან იმ მიზეზებზე საუბრობს, რაც შესაძლოა გახშირებული ხანძრების გამომწვევი ყოფილიყო.

ნინო ჩხობაძის ინფორმაციითვე, 2013 წელს მომზადდა ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებების სტრატეგია, ჩატარდა ტრენინგები და შესაბამისი სწავლებები, განხორციელდა ეუთოსა და გაეროს პროექტებიც.

აღნიშნული სტრატეგია ამ დრომდე არ დაუმტკიცებიათ, მოქმედი კანონმდებლობით არც პრევენციული ღონისძებებია მკვეთრად გაწერილი.

„კიდევ ბევრი ქმედებაა დასახვეწი ხანძართან მიმართებით. უნდა არსებობდეს კარგად დამუშავებული და დანერგილი სისტემა. ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს, როგორც გარემოს დაცვის სამინისტრო, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობაც, აღნიშნულ საქმეში მათაც უნდა იცოდნენ თავისი ფუნქცია და როლი. მნიშვნელოვანია მოსახლოების მზადყოფნაც, მათ თუ ეცოდინებათ როგორ მოიქცნენ, არ დაელოდებიან სახანძრო მანქანებს და ტექნიკის ჩამოყვანას, დაიწყებენ ლოკალიზებასა და მცირე კერების მოსპობას. მოსახლეობა ამისთვის გაწვრთნილი და სათანადოდ ინფორმირებული უნდა იყოს. სტრატეგიაში, რომელიც 2013 წელს მომზადდა, გაწერილია, თუ ვინ უნდა მიაწოდოს მოსახლეობას მსგავსი ტიპის ინფორმაცია. მოქმედი კანონით, ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებით, პასუხისმგებელი ორგანო მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროა. მინდა აღვნიშნო, რომ პრევენციული ღონისძებები დღეს მოქმედი კანონმდებლობით სუსტად არის გაწერილი.“

საქართველოში ხანძრების სტატისტიკას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2001 წლიდან ითვლის. არსებული მონაცემებით ხანძრის ყველაზე მეტი შემთხვევა 2015 წელს დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობით 2003 წელი გამოირჩევა, ხანძრის შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი 2016 წელს დაშავდა.