როგორია ცხოვრება ქალებისთვის იორმუღანლოს თემში

68 წლის მალაქსა იორმუღანლოს თემის სოფელ დუზაგრამაში ცხოვრობს. ოჯახი 17 წლის ასაკში სიყვარულის გარეშე, მშობლების დაძალებით შექმნა.

მეუღლე 27 წლის იყო და ერთად რამდენიმე წელი გაატარეს. 33 წლის ასაკში დაქვრივდა და შვილების გაზრდის ტვირთიც თავად იკისრა.
გოგონების ნაადრევ ასაკში გათხოვების წინააღმდეგია, რადგან ფიქრობს, რომ ჯერ განათლება უნდა მიიღონ, შემდეგ კი ოჯახი სიყვარულით შექმნან. მალაქსა ყოველ დილით ადრიანად დგება, რადგან ოჯახში საქმე ბევრია.

იორმუღანლოს თემში კაცისა და ქალის მოვალეობები მკვეთრადაა გამიჯნული. ქალებს წყლის ზიდვა 20 ლიტრიანი თუნგითა თუ ბალონებით ყოველდღიურად უწევთ. ეს საქმიანობა კაცისთვის დიდ სირცხვილად ითვლება, ისევე როგორც ქალმა შეშა დაჭრას. მიუღებელია, რომ კაცი მეუღლეს სამზარეულოში დაეხმაროს. ქალს სამსახურიც მხოლოდ მათ თემში უნდა ჰქონდეს, სხვაგან მუშაობა არ შეიძლება, რადგან შესაძლოა რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა დასჭირდეს, უცხო კაცის მანქანაში ჩაჯდომა კი მიუღებელია. რატომაა აუცილებელი ამ წესების დაცვა, არ იციან. ამბობენ, რომ ტრადიციულად ასეა.
მალაქსა აივაზოვას ქორწინებიდან უკვე 51 წელი გავიდა. იორმუღანლოს თემში იძულებითი თუ ნაადრევი ქორწინების კუთხით, მართალია მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა, თუმცა, ოჯახის შექმნის გამო სწავლის შეწყვეტის შემთხვევები შედარებით მაინც შემცირდა.

დუზაგრამის საჯარო სკოლის დირექტორის კიას აბუზაროვის თქმით, ამის მიზეზია სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარებული ტრენინგები და იმ კანონის გამკაცრება, რომლის მიხედვითაც 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირი 7-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.
„ადრე მშობლებს შიში ჰქონდათ, მათი გოგონა არ მოეტაცათ. ეხლა, რაც ეს კანონი გამკაცრდა, უკვე ბიჭებს ეშინიათ და გოგო ცოლად ძალით აღარ მიჰყავთ. არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ თემში ჩაატარა ტრენინგი ადრეულ ქორწინებაზე, ბავშვებს ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ეს კანონით აკრძალულია. კარგი იქნება, თუ ასეთ საკითხებზე ტრენინგები კიდევ ჩატარდება, ბავშვები სახლშიც მიიტანენ ამბავს და ჩვენთან უფრო უკეთესობისკენ შეიცვლება მდგომარეობა.“

არასამთავრობო ორგანიზაცია “ვეჟინის” აღმასრულებელი დირექტორი ლაურა ხარიტონაშვილი თემში გენდერული ნიშნით არსებულ პრობლემებზე საუბრობს.
„არასრულწლოვანთა ქორწინების შემთხვევები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მათი თქმით, მშობლებს უნდათ შვილი “პატრონს” დროულად ჩააბარონ, ეშინიათ ვინმემ არ მოიტაცოს. ვაჟები იმიტომ ქორწინდებიან ნაადრევად, რომ მათი შეყვარებული ძალის გამოყენებით სხვამ არ წაიყვანოს ცოლად. არის შემთხვევები, როდესაც მეცხრეკლასელი გოგონები უკვე დანიშნულები არიან და თავის ბედს ელოდებიან. ნაადრევი ქორწინება გოგონას სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, ისინი ვეღარ აგრძელებენ სწავლას და მხოლოდ დიასახლისებად რჩებიან. შეხვედრები ჩავატარეთ არა მარტო მოსწავლეებთან, არამედ მშობლებთანაც. გვქონდა ასეთი მეთოდი – „დიალოგი ფინჯან ჩაისთან“. მშობლებს გავაცანით ის სირთულეები და უარყოფითი შედეგები, რაც ადრეულ ქორწინებას უკავშირდება. ერთი ასეთი ტრენინგი საქმეს ვერ უშველის, ამას სჭირდება უწყვეტი ინფორმირებულობა. მათ უნდა იცოდნენ, რომ ადრეული მშობიარობა ცუდად აისახება ჯანმრთელობაზე,“ – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, გამოიკვეთა ისიც, რომ შესაცვლელია ქალთა მენტალიტეტი.
„ ისინი შეგუებულები არიან თავიანთ მდგომარეობას. ქალებს, რომლებიც არ მუშაობენ, არ აქვთ ელემენტარული საკომუნიკაციო საშუალება – ტელეფონი. ამ თემში მოხდა ხანუმ ჯეირანოვას ტრაგედია, რომელიც მთელმა საქართველომ გაიგო. (30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ 2015 წლის 17 სექტემბერს თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე 2 დღით ადრე ორი შვილის დედა მეუღლის ნათესავებმა ქუჩაში დაიჭირეს, ქმრის ღალატი დასწამეს, ფეხსაცმელი, წინდები გახადეს და სოფელ ლამბალოში ჩამოატარეს. თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცები ქალს აგინებდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.) ეს მიუთითებს თემის დამოკიდებულებას ქალებისადმი. ადრე ჩვენ ვერ ვახერხებდით ქალების გაყვანას სხვა ან თუნდაც მათსავე მუნიციპალიტეტში. ტრადიცია და სტერეოტიპები არ აძლევთ უფლებას სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთონ. მიღწევად ვთვლით იმას, რომ 2015 წელს სიღნაღში მეუღლეებთან ერთად ჩავუტარეთ ტრენინგი და მათ ერთი დღე-ღამე გაატარეს ჩვენთან.“

ფსიქოლოგ მაია ყვირალაშვილის თქმით, მოზარდები ვერ აცნობიერებენ ოჯახის შექმნის ტვირთს და ისინი ქორწინებას აღიქვამენ გაცილებით უფრო ლამაზ ფერებში.
„ადრეული ქორწინება არის დიდი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტვირთი ახალგაზრდებისთვის. ყველას არ შესწევს უნარი, რომ ცხოვრებისეული გამოცდა ღირსეულად ჩააბაროს. ვიცით რამხელა სტრესი და პასუხისმგებლობა სჭირდება ოჯახის შექმნას. მაგრამ მოზარდებია ამას ვერ აცნობიერებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადი წნეხი არის გოგონაზე, ნაადრევად დაქორწინების შემთხვევაში მოსალოდნელია ფიზიკური პრობლემები რაც ამ დროს იჩენს თავს. ნაადრევი ინტიმური ცხოვრება, ორსულობა და მშობიარობა ჩამოუყალიბებელ ორგანიზმს ძალიან დიდ ზიანს აყენებს. ამიტომ აუცილებელია მოხდეს განათლება როგორც ბავშვების, ასევე ოჯახის წევრების რომ იცოდნენ რა რისკის ქვეშ აყენებენ თავის შვილს. “

მისივე თქმით, კვლევების მიხედვით, 15-18 წლის ასაკში ორსულობისა და მშობიარობის დროს, ორჯერ მაღალია სიკვდილიანობის რისკი, ვიდრე ოცი წლის ასაკში. ადრეული ქორწინების შემთხვევაში ასევე მაღალია ახალშობილთა პათოლოგიები.