ნაადრევი ქორწინება-ტრადიცია თუ დანაშაული

ქორწინება ადრეულ ასაკში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საკმაოდ აქტუალური და პრობლემატური თემაა. მსგავსი ფაქტები ხშირია ეთნიკურად დასახლებულ სოფლებში. ნაადრევი და იძულებითი ქორწინება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხია. სწორედ ამიტომ მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ქმედება დასჯადია.

იორმუღანლოს თემში მცხოვრები 35 წლის ხათირა 15 წლის იყო როდესაც ძმებმა ათი წლით უფროს კაცზე ძალით გაათხოვეს.

„ჯერ კიდევ 13 წლის ვიყავი, თუმცა ოჯახი უკვე თვლიდა, რომ დიდი გოგო ვარ და უნდა გავთხოვილიყავი. მე ამ დროს უმაღლესში ჩაბარებაზე ვოცნებობდი. ერთი ოჯახი მუდმივად დადიოდა ჩვენთან, ცდილობდა ჩემი ძმები დაერწმუნებინა, რომ ჩემზე ათი წლით უფროსი ბიჭი ჩემთვის შესაფერისი იყო. თავიდან ჩემი ძმები არ იყვნენ თანახმა. ამ ქალმა კი, ორი წელი დროგამოშვებით იარა ჩვენთან. ბოლოს, 15 წლის ვიყავი, ძალით გამათხოვეს, რადგან მამა არ მყავდა. თავიდან მიჭირდა ამ რეალობასთან შეგუება, – რომ გავყვებოდი იმ კაცს, რომელსაც არ ვიცნობდი, ჩემზე უფროსი იყო ასაკით და მისი ოჯახიც მძულდა. თავის მოკვლაზეც მიფიქრია. ყოველდღე ვლოცულობდი, რომ ან მე მოვმკვდარიყავი, ან – ის, რომ არ გავყოლოდი. რამდენიმე დღე გაუჩერებლად ვტიროდი, დედაჩემიც ჩემთან ერთად ტიროდა. დედას, რომელმაც მარტომ გამზარდა, არ ჰქონდა უფლება, ხელი შეეშალა ამ ყველაფრისთვის – ასეთ გადაწყვეტილებებს ხომ კაცები იღებენ…“

მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, 32 წლის ფარიც, რომელიც 13 წლის ასაკში 10 წლით უფროს ბიჭზე დანიშნეს.

„როცა 13 წლის ვიყავი, დამნიშნეს ერთ-ერთ ნათესავ ბიჭზე, რომელიც ჩემზე 10 წლით უფროსი იყო. სიმართლე გითხრათ, უარი არ მითქვამს ამაზე. ჯერ ერთი, მამაჩემის მეშინოდა, მეორეც, მეგონა, რომ ასე იყო სწორი. არც მიფიქრია, რომ უარის თქმის უფლება მქონდა. 16 წლის ასაკში დავქორწინდით. ახლა ვხვდები, რომ უარი უნდა მეთქვა. იმ ასაკში ოჯახის შექმნა ასოცირებული იყო საქორწილო კაბასთან, კარგ ტანსაცმელთან და საჩუქრებთან, რომლებიც ნიშნობის პერიოდში მოჰქონდა ბიჭის მხარეს. მეგონა, რომ როგორც ნიშნობის პერიოდში, ქორწილში პატივს მცემენ, მიფრთხლდებიან, ზრუნავენ, მთელი ცხოვრებაც ასე გაგრძელდებოდა. ქორწინების შემდეგ ქმრის ოჯახთან ერთად ვცხოვრობდით. ისინი ელოდებოდნენ, 40 წლის ქალივით გამეკეთებინა სახლის ყველა საქმე. გარდა ამისა, საშინელი კანონები დამიწესეს: უნდა ჩამეცვა გრძელი კაბა, თავშალიც უნდა დამეხურა, ხმამაღლა სიცილის, საუბრის უფლება არ მქონდა. ასევე, მეზობელთან გასვლა მათთან საუბარიც აკრძალული მქონდა. თუ ისინი ჩვენს ეზოში შემოვიდოდნენ და დაგვიძახებდნენ, არ უნდა მეპასუხა საერთოდ. საინტერესო ის იყო, რომ ქმარიც არასოდეს მექცეოდა კარგად. ვიღაცა თუ მას ეტყოდა, შენი ცოლი დამნაშავეა და უნდა სცემოო, ეგრევე მცემდა. ერთხელ გადავწყვიტე, რომ ასე ვეღარ გავაგრძელებდი და მამის სახლში დავბრუნდი. მამა საშინლად გამიბრაზდა, დედაჩემს სცემა, შენი შვილი რატომ დაბრუნდაო. უკვე 16 წელია, დაოჯახებულები ვართ, მაგრამ ჩემი ცხოვრება იგივე სტილით გრძელდება. მე პასუხისმგებლობის აღება და ოჯახის არსი გავიგე 18-19 წლისამ. იმ ასაკში რომ შემექმნა ოჯახი, ალბათ ასე რთული არ იქნებოდა ჩემი ცხოვრება“.

ადამიანთა უფლებების ცენტრის კახეთის ოფისის იურისტის ლია ხუროშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ნაადრევი ქორწინების ფაქტები თითქოს შემცირებულია.
„ამ ეტაპზე ორი საქმე გვაქვს წარმოებაში. ერთ-ერთი არასწრულწლოვან გოგონას ეხება, რომელიც მისმა ნათესავმა, დედის ბიძაშვილმა, მამისხელა კაცმა გააუპატიურა, ხოლო მეორე საქმე იძულებითი ქორწინებაა. ამ შემთხვევაში გაიტაცეს გოგონა და გააუპატიურეს. ნაადრევი ქორწინებები გარკვეულწილად თითქოს ბოლო პერიოდში შემცირდა, იქიდან გამომდინარე, რომ 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია და 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეთნიკურ აზერბაიჯანელებში გათხოვება მშობლების ორგანიზებით ხდება, ისინი წყვეტენ ვინ ვისი ცოლი და ქმარი უნდა გახდეს. გოგონებს წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ აქვთ და თავიანთ ტრადიციებს ემორჩილებიან. იქიდან გამომდინარე, რომ თემი გარკვეულწილად თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი, ნაკლები ინტეგრაციაა, ახალგაზრდა გოგონებმა თავიანთი უფლებების შესახებ ბევრი რამე არ იციან.“

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც,16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა.

სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან სისხლის სამართლის დანაშაულია და დამნაშავე ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რომელიც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს და ამ შემთხვევაში, ცხადია, ოჯახის შექმნის განზრახვა გამამართლებელ მიზეზად არ ითვლება. ასევე ისჯება იძულებითი ქორწინება. აქ სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლი განსაზღვრავს.