ვის ეზრდება ხელფასი მომავალი წლიდან

საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა რამდენიმე კატეგორიის დასაქმებულებისთვის.

ამის შესახებ გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ასევე, მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით.

ასევე, 2020 წლის სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება 100 ლარით.

“გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცველების, ჯარისკაცებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის და სახელმწიფო თავისი ვალდებულებების ფარგლებში მათ ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, 2020 წლის პირველი ივლისიდან 100 ლარით გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასები.