პედაგოგთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილებები შევიდა

განათლების და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის პედაგოგების შრომის ანაზრაურების მინიმალური ოდენობა განსაზღვრა.

უწყების ინფორმაციით, მასწავლებლის პროფესიული განათლებისა და კარიერული წინსვლის სქემით, უფროსი მასწავლებლისთვის სახელფასო დანამატი 470 ლარი იქნება, წამყვან მასწავლებელს დანამატის სახით 850 ლარი დაერიცხება; ხოლო მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგს 1150 ლარი ექნება.

ამავე ბრძანებით, რეგულირდება სრულზე მეტი დატვირთვის მქონე პედაგოგებისთვის კვირის განმავლობაში ჩატარებულ საათებზე დანამატის გაცემის წესი. ის მასწავლებლები რომლებიც კვირაში 19 საგაკვეთილო საათიდან 25-მდე საათს ჩაატარებენ, თითეულ საათზე დანამატს მიიღებენ. დანამატი თითოეულ საგაკვეთილო საათზე შემდეგნაირად იანგარიშება: სრული დატვირთვის თანამდებობრივი სარგო, შეფარდებული სრული დატვირთვის საათების რაოდენობასთან და გამრავლებული საგაკვეთილო საათების ჯამურ ოდენობაზე.

პედაგოგები, რომლებიც ასწავლიან საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიას, კლასკომპლექტებს, არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას (როგორც მეორე ენა), დანამატის სახით 141.75 ლარს მიიღებენ. ამავე ოდენობის დანამატს მიიღებენ კლასის დამრიგებლებიც. სახელფასო დანამატებისა და სხვა სახის დანამატებთან ერთად, უფროსი მასწავლებლის ხელფასი 1 011 ლარი, წამყვანი მასწავლებლების – 1435 ლარი, ხოლო მენტორი მასწავლებლები 1745 ლარი იქნება.

20% -ით შრომითი ანაზღაურება სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც გაეზრდებათ. სკოლაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები ხელფასს 125 ლარით მეტს აიღებენ, მანდატურებს კი ანაზღაურება 250 ლარით გაეზრდებათ.
ბრძანებაში შესული ცვლილებები პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება.