მოძალადეს და მსხვერპლს ელექტრონული სამაჯურით გააკონტროლებენ

ძალადობრივი დანაშაულის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის მიზნით შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ელექტრონული მონიტორინგის სისტემას ნერგავს.
ამის შესახებ interpressnews.ge წერს.

კანონპროექტი საქართველოს მთავრობას უკვე წარედგინა და უახლოეს მომავალში პარლამენტს გადაეგზავნება.

ახალი კანონპროექტის თანახმად, მოძალადეზე, რომლის მიმართაც გამოცემული იქნება შემაკავებელი ორდერი, ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება. ელექტრონული სამაჯური მსხვერპლსაც დაუმაგრდება.

„ შემაკავებელი ორდერის აღსრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება. ელექტრონულ ზედამხედველობას გამოვიყენებთ იმ მოძალადეების მიმართ, რომლის მხრიდანაც იარსებებს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ეს იქნება მსხვერპლთა დაცვის მნიშვნელოვანი გარანტი და მექანიზმი. სამაჯურების სახით განხორციელდება მონიტორინგი. მოწყობილობის ერთი ნაწილი დაუმაგრდება კიდურზე მოძალადეს, მეორე ნაწილი კი ექნება მსხვერპლს“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ცაციაშვილმა.