მუქი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილები (CO) შემცველობაზე შემოწმდებიან

2020 წლიდან ავტომობილს, რომელსაც მუქი შეფერილობის გამონაბოლქვი ექნება, საპატრულო ეკიპაჟი სპეციალური ხელსაწყოთი შეამოწმებს – ცდება თუ არა ზღვრულ ნორმას გამონაბოლქვში „ცე ოს“ (CO) შემცველობა.

ამის შესახებ, პირველ არხს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძემ განუცხადა.
დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება. შესაძლოა, ასეთ ავტომობილს მეორე ინსპექტირების გავლამდე გზებზე მოძრაობაც აეკრძალოს.

ნელი კორკოტაძის განმარტებით, ამჟამად ხელსაწყოს შერჩევა მიმდინარეობს, რომლითაც ავტომობილები შემოწმდება. ინიციატორები დარწმუნებული არიან, რომ ცვლილებას პარლამენტი მხარს დაუჭერს.
„შემოწმებები განხორციელდება შერჩევითი წესით და ცხადია, თავიდან იქნება შემოწმების მაპროვოცირებელი ვიზუალური გამონაბოლქვი, რომელიც იქნება მუქი შეფერილობის, რადგან ასეთ შემთხვევაში არსებობს ალბათობა, რომ გამონაბოლქვ აირებში იყოს მავნე ნივთიერებები და ძირითადად, ხდება ნახშირჟანგის, „ცე ოს“ იდენტიფიცირება“.

ამასთან, მომავალი წლიდან ამოქმედება რეგულაცია, რომლის მიხედვითაც გამონაბოლქვში „ცე ოს“ დასაშვები მაქსიმალური ზღვარი, ამჟამად არსებული 0.8 პროცენტის ნაცვლად, 0.5 პროცენტი გახდება. ასევე სავალდებულო ხდება ავტომობილში კატალიზატორი, რომლის დანიშნულებაც გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცირებაა.

კანონპროექტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით, რეგულაციები პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე შევა.

საპილოტე პროექტის ფარგლებში კონტროლი თბილისიდან დაიწყება და მოგვიანებით მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.