ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა აიკრძალოს

ორ ან მეტ სამსახურში ერთდროულად მუშაობა შესაძლოა აიკრძალოს. შრომის კოდექსში შესატან ამ ცვლილებას „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეებს ეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ დანაწესს.

შრომის კოდექსის მეხუთე თავში ნათქვამია, რომ „დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს“, ხოლო, შვიდდღიანი სამუშაო პერიოდის განმავლობაში, ზეგანაკვეთების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

იმისთვის, რათა მოქალაქემ ერთზე მეტ სამსახურში შეძლოს მუშაობა, მისი პირველი სამუშაოს შესრულებამ დადგენილი მაქსიმალური ლიმიტები არ უნდა შეავსოს.

კანონპროექტის ინიციატორის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, რომ მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებით 2 სამსახურში დასაქმება აიკრძალება. მისი თქმით, ინიციატივის მიზანია, თითოეული დასაქმებული დაცული იყოს იმისგან, რომ დამსაქმებელმა არ აიძულოს იმაზე მეტი მუშაობა, ვიდრე მისი ჯანმრთელობისთვისაა მისაღები.

ცქიტიშვილის თქმით, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს, რომ მოქალაქეებს ვინმემ ზედმეტი მუშაობა არ აიძულოს.