სავალდებულო საბაზო განათლება 9-დან 10 წლამდე გაიზრდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსის მარიამ ჩიქობავას თქმით, სამინისტრო ახალ სარეფორმო გადაწყვეტილებაზე მუშაობს, რომელიც სკოლის მესამე საფეხურიდან მე-10 კლასის საბაზისო განათლების საფეხურზე ჩამოწევას გულისხმობს.

მისივე განმარტებით, მეათე კლასი საბაზო საფეხურზე ჩამოვა, როგორც სავალდებულო წელი, ანუ გაიზრდება სავალდებულო განათლების წლების რაოდენობა.
„მე-11 და მე-12 კლასი კი უფრო მეტად უმაღლეს განათლებაზე იქნება ორიენტირებული და აქ ვფიქრობთ, რომ სკოლებს უფრო მეტი დიფერენცირების შესაძლებლობა მივცეთ. სკოლებს სჭირდებათ საკმაოდ კარგი მომზადება იმისთვის, რომ უფრო მეტად გამოიკვეთოს პროფილი და ის მრავალფეროვანი ინტერესები, რაც შეიძლება მოსწავლეს გააჩნდეს. როდესაც ვახსენებ პროფილს, ამაში ზუსტად ვგულისხმობ ჰუმანიტარულ ან საბუნებისმეტყველო მიმართულებას, თუმცა ვნახოთ, შეიძლება ასე მკაცრად დიფერენცირებული არ იყოს და უფრო მეტი შესაძლებლობის უფლება მივცეთ სკოლებს როგორ დაგეგმონ მე-11 და მე-12 კლასები“.

ის,რომ სკოლებში სწავლების საბაზო საფეხური ათწლიანი გახდება, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემაც დაადასტურა, მისი თქმით, დღევანდელი სკოლის მოდელი ვეღარ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და ცვლილება აუცილებელია.