საგამოცდო ცენტრების გაგრილების სისტემით აღჭურვა დასრულდა

თბილისისა და საქართველოს რეგიონების საგამოცდო ცენტრების გაგრილება – კონდიცირების სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოები დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამუშაოების დაგეგმვის მიზნით გამოიყო მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც შეამოწმა საგამოცდო ცენტრებში დამონტაჟებული კონდიციონერების ფუნქციონირება და ელექტრო გაყვანილობის ქსელის გამძლეობა.

ამჟამად შემოწმების შედეგად აღმოჩენილი ხარვეზები სრულიად აღმოფხვრილია: ცენტრების ნაწილში მოხდა საჭირო რაოდენობის კონდიციონერების დამონტაჟება, ნაწილს გადაეცა ვენტილატორები; სკოლები, რომლებიც წარმოადგენენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, უზრუნველყოფილნი არიან მობილური კონდიცირების სისტემით. საჭიროებისამებრ გამოიცვალა ელექტრო სადენები და შეკეთდა დაზიანებული დანადგარები.