2022 წლამდე სკოლები სათვალთვალო სისტემით აღიჭურვება


მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, ყველა საჯარო სკოლა ვიდეომონიტორინგის აპარატურით აღიჭურვება. გეგმა დაახლოებით სამწლიანია და 2022 წლამდე ყველა საჯარო სკოლაში შესაბამის სტანდარტის სათვალთვალო სისტემა უნდა იყოს.

ვიდეო მონიტრინგის სისტემით უნდა კონტროლდებოდეს სკოლის როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრი და ჩანაწერები 30 დღის მანძილზე უნდა შეინახოს. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვა.სკოლის შიდა პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის ყველა დერეფნის, შესასვლელისა (ფოიე) და კიბის უჯრედის ვიდეოდაკვირვებისა და იქ მყოფი პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას. დაუშვებელია ვიდეოთვალთვალის განხორციელება სკოლის საპირფარეშოში, გამოსაცვლელ ოთახებში, საკლასო ოთახში და სამასწავლებლოში. სკოლის გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის გარე პერიმეტრის (მათ შორის სპორტული მოედანი, ბაღი, სკვერი, და სხვა) სრულად ვიდეოდაკვირვებისა და იქ მყოფი პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.

სკოლა ვალდებულია იზრუნოს სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე და მანდატურის ან/და მანდატურის სამსახურის მიმართვის შემთხვევაში, უზრუნველყოს ყველა იმ ხარვეზის გამოსწორება და პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მანდატურის მიერ ვიდეოთვალთვალის სისტემით სარგებლობისას.ვიდეოსათვალთვალო სისტემის ყოველდღიურ გამოყენებას და ადმინისტრირებას უზრუნველყოფს მანდატური/უფლებამოსილი პირი. სკოლა ვალდებულია სკოლის შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მთელი სასკოლო დროის განმავლობაში, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო სისტემით ვიდეოჩაწერა – მუდმივად.