პროფესიების გენდერული ნიშნით დაყოფა იორმუღანლოში

იორმუღანლოში მცხოვრები 23 წლის თოზუ გულმამედოვა ჟურნალისტია. პროფესიებს მათ თემში გენდერული ნიშნით ჰყოფენ. ქალი ჟურნალისტი იორმუღანლოს თემში ერთადერთი შემთხვევაა, ამიტომ სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, უამრავ წინააღმდეგობას წააწყდა.

თემში განსხვავებული ტრადიციები და შეხედულებები აქვთ. აკრძალული არ არის, თუმცა მიზანშეწონილად არ ითვლება გოგონა მარტო გავიდეს ქუჩაში, ან სამსახურში უცხო კაცებთან ერთად იყოს.
აბიტურიენტობისას მას უთხრეს, ბიჭის ოჯახი მოვა და დაგნიშნავსო,რაც მისთვის ტრაგედიის ტოლფასი იყო. ბიჭის ოჯახს განათლებული რძალი არ უნდოდა. თოზუმ კარგად იცოდა, რომ თუკი იქორწინებდა, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მეუღლის ოჯახი არ მისცემდა. საბოლოოდ, ნიშნობა ჩაიშალა, რადგან მან უნივერსიტეტში მოსამზადებელ კურსზე ჩააბარა.
რაკი თბილისში ცხოვრობდა, სოფელმა გადაწყვიტა, რომ ეს „თავისუფლება ცუდი რამეების ჩადენის საშუალებას აძლევდა“, ამიტომ ამჯერად ის საკუთარ ნათესავზე დანიშნეს.
„უნივერსიტეტში ჩაბარების მერე უფრო გამძაფრდა სიტუაცია. ეს ჩემთვის აუტანელი პერიოდი იყო. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ ვისწავლიდი, კურსს როგორ დავხურავდი. ვიცოდი, რომ ოჯახის შექმნის სტრესს ვეღარ გავუძლებდი. ვერ ვეგუებოდი, რომ ვიღაც თავს აძლევდა უფლებას ჩემთვის ეთქვა: ასე რად გაცვია, ასე რად დადიხარ? არადა, ზედმეტი არაფერი, ჩვეულებრივ ვიქცეოდი. როდესაც კონტროლის ქვეშ ხარ, საკუთარ თავს ადამიანად ვეღარ გრძნობ. ოჯახი მიხვდა, რომ ჩემი გათხოვება არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, მთელი დღე ვტიროდი, საშინლად გავხდი. ამას მიხვდა ბიჭის ოჯახიც და ქორწინება არ შედგა.“
თოზუ არჩევანით კმაყოფილია , ის არ ჰყოფს პროფესიებს მამაკაცურ და ქალურ პროფესიებად, როგორც ეს მათ თემშია. ფიქრობს, რომ ჟურნალისტიკა მისთვის იორმუღანლოს პრობლემების წინ წამოწევის ერთ-ერთი საშუალებაა.
„აქამდე, ამ თემში არავინ ყოფილა ჟურნალისტი. აქ არსებულ პრობლემებსა თუ სხვადასხვა საკითხებს სხვა ჟურნალისტები აშუქებდნენ. ქალი, რომ გადის გარეთ მარტო და უცხო კაცებთან საუბრობს, ტელეფონში კონტაქტები რომ აქვს, ფეისბუქზე საკუთარი ფოტო უდევს და 4000-მდე მეგობარიც ჰყავს, ეს თემისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ მე ეს შევძელი.“
ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის ხელმძღვანელის ლია ხუროშვილის განმარტებით, გენდერული უთანასწორობა განსაკუთრებიტ მწვავედ დგას ეთნიკურ უმცირესობებში. მათტ აზრით, ქალს განათლება არ სჭირდება.
„დისკრიმინაცია უმეტეს შემთხვევაში ხდება ქალების მიმართ. თუმცა არის შემთხვევა, როდესაც ძალადობის მსხვერპლი არიან მამაკაცებიც. ამ კუთხით სახელმწიფოს მიდგომაც შეცვლილია. რეგიონებში საკრებულოებთან შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭოები, რომლის წევრი მეც ვარ. საკითხი უფრო მწვავედ დგა ეთნიკურ აზერბაიჯანელებში. იქ მიაჩნიათ, რომ განათლება ქალისათვის სრულიად ზედმეტია. აუცილებელია პირველ რიგში გათხოვდნენ და ოჯახს მიხედონ. ეს მენტილიტეტია და ტრადიციით ფუთავენ. ვფიქრობ, გენდერული საკითხი ისე დგას, რომ თუ ქალი განათლებულია, მიიღებს პროფესიას, გახდება დამოუკიდებელი, რაც ამ თემის მამაკაცებს არ აწყობთ. მსგავსი შემთხვევები ჩვენთანაც არის, მაგრამ ამ სიმძაფრით არ დგას. აზერბაიჯანულ თემში განათლების დასრულება გოგონებისთვის ცოტა უფრო რთულია, რადგან გოგონა როგორც გარკვეულ ასაკს მიაღწევს, პოტენციურ საპატარძლოდ განიხილავენ.“

გენდერული თანასწორობა წარმოაჩენს ქალისა და კაცის მოღვაწეობის თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. გენდერული თანასწორობის კონცეფცია (დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2006 წელს) და კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ (დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2010 წელს), ხაზგასმით მიუთითებს ქალისა და კაცის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფისა და ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე.