როგორ ცხოვრობენ ქალები იორმუღანლოში

შუადღის სამი საათია, იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოს წყაროზე ჩავდივართ, ცოტა ხანში თუნგმოკიდებული ქალი გამოჩნდა. თავს ხრის და კითხვებზე ვერ გვპასუხობს, ქართული ენა კარგად არ ესმის.

მის ნაცვლად, იქვე, „ბირჟაზე“ მყოფი კაცები გვიხსნიანი, რომ თუნგში 20 ლიტრი წყალი ეტევა, ცარიელი კი 5 კილოგრამს იწონის. ამასობაში თუნგი ივსება და ქალი სახლისაკენ მიმავალ საცალფეხო ბილიკს მიუყვება.

წყაროდან სოფლისკენ მიმავლებს ქუჩაში პაპა და შვილიშვილი გვხვდებიან, კაცს ქალების შრომასთან დაკავშირებით აზრს ვეკითხებით. ის ოჯახში გვეპატიჟებადა გვეუბნება, რომ ამ საკითხზე მისი მეუღლე უკეთესად დაგველაპარაკება.
55 წლის ფატიმა ალიხანოვა სოფელ ლამბალოში ცხოვრობს, 19 წლის გათხოვდა. დედოფლისწყაროში, ქართული სკოლა დაამთავრა. როგორც გვეუბნება კარგად სწავლობდა, ახლა ნანობს, რომ უმაღლეს სასწავლებელში არ ჩააბარა და პროფესია არ აქვს.

დილით, ადგომისთანავე, საუზმის მომზადებას იწყებს, საქმე ბევრია. ორივე შვილიშვილი უნდა გაამზადოს, აჭამოს და სკოლაში გააცილოს, შემდეგ კი სხვა საქმეებს შეუდგეს. რამდენიმე დღეში ერთხელ პურის გამოცხობაც უწევს. ეზოში წყალი არ მოდის, ამიტომ ზოგჯერ ბიდონით ეზიდება. თუნგიც აქვს, მაგრამ აღარ იყენებს, ამბობს, რომ ძალიან მძიმეა, ზამთარში კი – ცივი. წყლის ზიდვა, რომ მათ თემში მაინცდამაინც ქალის მოვალეობად ითვლება, ეს არ მოსწონს, არასწორად მიაჩნია. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან წყაროზე ხშირად ქმართან ერთად, მანქანით მიდის. ეს მამაკაცისთვის შეურაცხმყოფელი არ არის.

-„ქალაქში არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ სოფელში ნამდვილად ბევრი საქმეა. ზოგჯერ ქალებს მუხლის ჩახრის საშუალებაც არ გვაქვს. უწყლოობის გამო ბოსტანს ვერ ვამუშავებთ, სამაგიეროდ მინდორში, ფერმაზე ვარ ხოლმე.”
ლამბალოს შემდეგ, სოფელი ორმუღანლოში ვჩერდებით, წყაროსთან აქაც მხოლოდ ქალები შეკრებილან. 60 წლის ჰაჯარ ომაროვას წყალი რამდენიმე ხუთლიტრიანი ბიდონით მიაქვს.

მისი დილა ადრიანად იწყება. პურის გამოცხობა, წყლის ზიდვა, სარეცხის რეცხვა, სახლის დალაგება, შინაური ფრინველების მოვლა, – ეს იმ საქმიანობის არასრული ჩამონათვალია, რასაც ყოველდღიურად აკეთებს. როდესაც ყველაფერს მიხედავს, შემდეგ სადილისთვისაც იცლის. ამბობს, რომ მათთან ქალის შრომა მძიმეა. როცა საქმეს მოამთავრებენ, მზიან დღეს ეზოში იკრიბებიან, სამოვარს შემოდგამენ და ჩაის შეექცევიან – აქ ქალებისთვის ალბათ ეს ერთადერთი გასართობია.
17 წლის გათხოვდა, მეუღლე რომ დაეღუპა, მისი ვაჟი ხუთი წლის იყო, ამიტომ ოჯახის ტვირთი თავად იკისრა. ახლა სამნი არიან, შვილი, რძალი და თვითონ.

-„ქალები ქათმებსა და ინდაურებს ვუვლით, ბოსტანშიც ვმუშაობთ, წყალს ხან თუნგებით, ხან ვირითა და ხანაც ბალონებით ვეზიდებით. კაცმა ხელით რომ მოიტანოს წყალი, დიდი სირცხვილია, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს ჩვენი ადათია. ასე 10-12 წლის ბიჭს შეუძლია წყლის ხელით ზიდვა მაგის მერე აღარ. ჩვენი ოჯახიდან წყაროზე მე და ჩემი რძალი დავდივართ.“
არასამთვარობო ორგანიზაცია „ვეჟინის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაურა ხარიტონიშვილი კარგად იცნობს თემში არსებულ გენდერულ პრობლემას. ამის მიზეზად სტერეოტიპებსა და მოძველებულ ტრადიციებს ასახელებს.

„ქალები ძირითადად სოფლის მეურნეობაში და საჯარო სკოლებში არიან დასაქმებულები. ადმინისტრაციულ სამსახურებში კი, – ნაკლებად. აქ ასევე პრობლემად რჩება ადრეული ქორწინება. გათხოვების შემდეგ გოგონები სკოლას ვეღარ ამთავრებენ, ვერ იძენენ შესაბამის ცოდნას. დედები ადრეულ ასაკში ხდებიან და მხოლოდ ოჯახური საქმეებით შემოიფარგლებიან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, რათა ქალები აქტიურად ჩაერთნენ საზოგადოებრივ საქმიანობაში და თავისი როლი ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გენდერული ცნობადობის ნაკლებობა აზერბაიჯანულ თემებში, რა თქმა უნდა, უფრო მეტად იგრძნობა. ეს ტრადიციებსა და სტერეოტიბებს უკავშირდება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხზე ბევრი ორგანიზაცია მუშაობს, თუმცა ამას პერმანენტული ხასიათი უნდა ჰქონდეს. შეხვედრები არა მარტო ქალებთან, არამედ კაცებთანაც უნდა ჩატარდეს, ორივემ უნდა გაიგონ, რომ მათ თანაბარი უფლებები აქვთ. ვფიქრობ, საჭიროა ამ თემაზე მუშაობა ადრეული ასაკიდან, სკოლის პერიოდიდანვე. ისე უნდა ჩამოყალიბდნენ ახალგაზრდები, რომ სტერეოტიპები თავიდანვე დაძლიონ.“

სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს მასშტაბით, კაცებთან შედარებით, სოფლად მცხოვრები ქალები საშუალოდ 80 დღით მეტს მუშაობენ მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობაში. ისინი ასევე არიან ოჯახის წევრების მთავარი მომვლელები და საოჯახო საქმიანობაც უმეტესწილად, სწორედ, მათ ეკისრებათ. არსებული ტრადიციული გენდერული შეხედულებების გამო, ნაკლებად არიან ჩართული სხვადასხვა აქტივობებში.