ნოვრუზ ბაირამი – დღესასწაული, რომელიც სათავეს 3000 წლის წინანდელი ეპოქიდან იღებს

ნოვრუზ-ბაირამობა ახალ დღეს ნიშნავს. ამ დღესასწაულს აზერბაიჯანელები ახალი წლის დღესასწაულად მიიჩნევენ და შესაბამისი წესით აღნიშნავენ.

ნოვრუზ ბაირამობა დღისა და ღამის გათანასწორებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას, ხეებზე ყლორტის გამოსვლას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს.

ნოვრუზ ბაირამი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელებიც აღნიშნავენ. ამ დღეს იშლება სუფრა და მზადდება ტრადიციული კერძები.

ლამბალოს მკვიდრის ჯაბირ მამედოვის თქმით, ნოვრუზ ბაირამი მარტის დასაწყისში იწყება და მათთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია.

“ეს დღესასწაული ჩვენთან 19 მარტიდან იწყება და 4 დღე გრძელდება. ყველა კვირის დღეს სხვადასხვა დატვირთვა აქვს. არის მიწის დღე, წყლის დღე, ცეცხლის ანუ ნათების დღე. ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულით ჩვენ გაზაფხულის დადგომას და ახალი ცხოვრების დაწყებას აღვნიშნავთ. გაზაფხული მოდის, მიწა იღვიძებს, ახალი ბალახი მოდის. ამ დროის განმავლობაში ყველა ოჯახი ქეიფობს, ქალები სუფრას ამზადებენ. ნათესავები მოდიან და ჩვენც მივდივართ მათთან, ამ დღეებში ყველა ერთმანეთს ბარაქას და სიკეთეს უსურვებს. ოჯახში ვაცხობთ ნამცხვრებს, ვაკეთებთ ფახლავას და ფლავს. იღებება კვერცხები, რომლებსაც ჯეჯილში ვალაგებთ. ყველა ერთმანეთთან მივდივართ სტუმრად და თან ტკბილეულიც მიგვაქვს. ამ პერიოდში ოჯახში ჩხუბი და ხმამაღლა ლაპარაკი არ შეიძლება. კიდევ ასეთი წესი გვაქვს, 19-ში ვინმეს ოჯახს უნდა ესტუმრო. სანამ კარებთან მიხვალ, ყურებზე ხელი უნდა აიფარო, ახლოს მისვლისას კი ჩამოიღო და რა სიტყვასაც პირველად გაიგებ, ის დაგეკვებება. სტუმრად ცარიელი არ უნდა წახვიდე, აუცილებლად სიტკბო უნდა მიიტანო,”

მისივე თქმით, ნოვრუზ ბაირამობის დღესასწაული წინაპრებიდან მოსდევთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია.

“ეს ტრადიცია ჩვენ წინაპრებიდან მოგვდევს. დღესასწაულზე მამაკაცები და ქალები ცალკ-ცალკე მოიყრიან ხოლმე თავს და ერთმანეთს ულოცავენ. ამ დღეებში საჭიროდ თვლიან იმ წელს გარდაცვლილი ოჯახები მოინახულონ. ამ დღეს დამწუხრება ცოდვად ითვლება. ვინც ცოტა შეძლებულია, შაქარს, ბრინჯს, კვერცხს და სხვადასხვა საჭმელს გაჭირვებულ ოჯახებს უნაწილებს და ავადმყოფებსაც მოინახულებს ხოლმე. ამ დღეებში ხალხი მარტო ქეიფობს.თუ ვინმეს ახლობელს ოჯახში ახალი პატარძალი ჰყავს, საჩუქარი მიგვაქვს. ამ დროს 4-5 დღე ჩვენთან სულ დღესასწაულია და არ ვმუშაობთ.”

ნოვრუზ ბაირამი ეროვნული დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულზე დღე-ღამის თანაბრობასთანაა დაკავშირებული. დღესასწაული სათავეს 3 ათასი წლის წინანდელი ეპოქიდან იღებს.