უკანონო ნაგავსაყრელები იორმუღანლოს თემში

იორმუღანლოს თემი საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან 37 კილომეტრითაა დაშორებული და რვა სოფელს აერთიანებს,

თემში, სადაც ოფიციალური მონაცემებით, 20 000-მდე მცხოვრებია, ნაგვის ურნები მხოლოდ ცენტრალურ გზაზე დგას. ადგილობრივების თქმით, ნაგვის მანქანაც კვირაში ერთხელ ან ორჯერ თუ ჩამოივლის, რაც 8-სოფლიანი თემისთვის საკმარისი არ არის.

ლამბალოს ხევი, რომელიც შუა სოფელში მდებარეობს, ნაგავსაყრელადაა ქცეული. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა მუდმივად შეწუხებულია სუნით, მღრღნელებითა და ძაღლებით, რომლებიც მუდმივად ნაგავში იქექებიან. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსახლეობას სხვა სოფლიდან მოაქვს ტომრებით ნაგავი და აქ ყრის. შექმნილი ანტისანიტარიის გამო კი, ბავშვებს გარეთ ვეღარ უშვებენ.

როგორც ნოვრუზ რაშიდოვი ამბობს, ეს იმიტომ ხდება, რომ ბუნკერები საკმარისი არ არის.

„როცა ქარი ქრის, მიწა და ნაგავი სულ სახლში შემოაქვს, ამ ხევს დასუფთავება უნდა. დანაგვიანებული ხევი იწვევს სხვადასხვა დაავადებას და ბავშვებს ზიანს აყენებს. ყურადღება უნდა მოგვაქციონ და ხევი ნაგვისგან გაასუფთავონ.“

იგივე პრობლემებზე საუბრობს დუზაგრამის მცხოვრები ნაბი პილიევი, მისი თქმით ნაგვის მანქანა მხოლოდ ცენტრალურ გზაზე დადის, მაგრამ ისინი მოშორებით ცხოვრობენ, ამიტომ მათთან არც ურნებია და არც ნაგავი გააქვს ვინმეს.

„სოფელში დადის ნაგვის მანქანა ცენტრში, მაგრამ ეს ხომ ცენტრი არ არის. მანქანამ 2-3 დღეში ერთხელ მაინც უნდა იაროს, რომ სოფელი არ შეწუხდეს და ბავშვებიც ნაგვის სუნმა არ შეწუხოს.შუა სოფელში ასეთი ნაგავი არ ჩანს ლამაზად , თანაც ვირუსებს და დაავადებებს ავრცელებს. ყუთები კიდევ სავსეა და სად უნდა დაყარონ, იმიტომ ყრიან გზაზე და ხევში.“

ნაგვის ურნები ყველგან რომ არ დგას, ამის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ერბოწონაშვილიც საუბრობს. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ აუცილებლად დაამატებენ.

„ურნები ყველგან არ დგას, მაგრამ შეივსება. შარშან სულ გაწმენდილი იყო ეგ ტერიტორია, მაგრამ ხალხი მაინც მანდ ყრის ნაგავს, ვერ ვხვდები რატომ? ვაპირებ ჩამოვიდე და შევხვდე მოსახლეობას ამ საკთხთან დაკავშირებით. იგეგმება ხევების გასუფთავება. ვგეგმავთ კიდევ შევიძინოთ ტექნიკა და ურნებსაც დავამატებთ, აუცილებლად.

როგორც გიორგი ერბოწონაშვილი ამბობს, არ სურს მოსახლეობა დააზარალოს, მაგრამ თუ ისინი დასუფთავების შემდეგ, კვლავაც გააგრძელებენ ხევში ნაგვის ჩაყრას, მერიას ჯარიმების დაწესება მოუწევს.