კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 309 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, მათ შორის 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 130 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. აჭარაში დაფიქსირდა 65 ფაქტი, იმერეთში – 34, ქვემო ქართლში – 29, სამცხე-ჯავახეთში – 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 13, შიდა ქართლსა და მცხეთა მთიანეთში – 7-7, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 4, გურიაში კი – 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 450 მ3-მდე ხე-ტყე. მავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 32 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 9 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.