სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

3 თებერვლიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო. პროცესი 30 ივნისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალური დადგენილება უკვე გამოსცა.

საქართველოს თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვეული იქნებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

პრემიერმა ამავე დოკუმენტით დაადგინა სხვადასხვა სამსახურებში გასაწვევ პირთა რიცხვოვნობაც:
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1400-ით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1328-ით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 950-ით.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 311-ით.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 200-ით”, – წერია დადგენილებაში.

დადგენილების ამოქმედების დღიდან მოქალაქეები ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.