სოციალური აგენტები სამხრე კამერებით აღიჭურვებიან – ეკატერინე ტიკარაძე

“ჩვენი მიზანია სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების მეთოდოლოგია კიდევ უფრო დავხვეწოთ და მივაღწიოთ დახმარების განაწილების მაქსიმალურად სამართლიან და მიზნობრივ პრინციპს,” -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისივე ინფორმაციით, სამინისტრომ დაიწყო ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის ინტენსიური გადამოწმება, რათა შემწეობა მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, ახალი ქულის მინიჭებამდე, საარსებო შემწეობის დარიცხვა უწყვეტად მოხდეს.

„ჩვენი მთავარი მიზანია ოჯახების შეფასების მეთოდოლოგია კიდევ უფრო დავხვეწოთ და მივაღწიოთ დახმარების განაწილების მაქსიმალურად სამართლიან და მიზნობრივ პრინციპს. ოჯახების შეფასების პროცესის კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის მიზნით, უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები აღიჭურვებიან სამხრე კამერებით და ციფრული მოწყობილობებით, რათა დეკლარაციაში ინფორმაცია იყოს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ვიზუალურად ასახული. ეს იქნება კიდევ ერთი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს როგორც აგენტის სუბიექტური შეფასება, ისე სისტემური შეცდომები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.