როცა არჩევანის უფლებას გართმევენ – გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ეთნიკურ უმცირესობებში

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში დისკრიმინაცია უფრო ხშირად გენდერული ნიშნით ხდება.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლია ხუროშვილი გვეუბნება, აქ ქალები და მამაკაცები სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ქალების უმეტესობას არ აქვს გათავისებული ის, რომ კაცის თანასწორია.

“ქორწინება უმცირესობებში უკვე ყბადაღებული თემაა. გოგოებს არჩევანის საშუალებას რომ არ აძლევენ, პირადი ცხოვრება თავად გადაწყვიტონ, ამაზე მეტი დისკრიმინაცია რაღაა?!”, ამბობს ლია ხუროშვილი.

იურისტი აღნიშნულ პრობლემას ენობრივ ბარიერსა და თემში არსებულ ტრადიციებს უკავშირებს.

-“ცნობიერების ამაღლება ვერ მოხერხდება თუ შესაბამისი ინფორმაცია არ გაქვს. ინფორმაციას ვერ მიიღებ, თუ სახელმწიფო ენა არ გესმის. ამ თემში ქალს უფლება ფაქტობრივად არ გააჩნია. ასევეა სწავლის კუთხითაც. ქალი შეიძლება ზოგჯერ ვერც მიხვდეს, რომ დისკრიმინაციის მსსხვერპლი. ასეთი მოქცევა მათ ტრადიციად მიაჩნიათ. მშობლები ხშრად შვილებს სწავლის უფლებას ართმევენ და უსპობენ განვითარების შესაძლებლობას.“

თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ამ მიდგომას მასიური ხასიათი არ აქვს. მოსახლეობის ნაწილი განათლების მიღების აუცილებლობაზე საუბრობს.

ილგარა მამედოვა სოფელ იორმუღანლოში ცხოვრობს, ის 18 წლისაა და დუზაგრამის საჯარო სკოლის მეთორთმეტე კლასში სწავლობს.

ილგარა ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება, ექიმობაზე ოცნებობს. სკოლაშიც კარგად სწავლობს და რეპეტიტორებთანაც დადის. არ მოსწონს, როდესაც მისი თანატოლი გოგონები სწავლას ოჯახის შექმნას ამჯობინებენ საკუთარი თუ ოჯახის სურვილით და სკოლაში აღარ დადიან. ფიქრობს,რომ კარგი მომავლისთვის, განათლების მიღება აუცილებელია.

თემში, სადაც ილგარა ცხოვრობს, კაცისა და ქალის მოვალეობები მკვეთრადაა გამიჯნული. ქალებს წყლის ზიდვა 20 ლიტრიანი თუნგითა თუ ბალონებით ყოველდღიურად უწევთ. ეს საქმიანობა კაცისთვის დიდ სირცხვილად ითვლება, ისევე როგორც ქალმა შეშა დაჭრას. მიუღებელია, რომ კაცი მეუღლეს სამზარეულოში დაეხმაროს. ქალს სამსახურიც მხოლოდ მათ თემში უნდა ჰქონდეს, სხვაგან მუშაობა არ შეიძლება, რადგან შესაძლოა რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა დასჭირდეს, უცხო კაცის მანქანაში ჩაჯდომა კი მიუღებელია.
რატომაა აუცილებელი ამ წესების დაცვა, არ იციან, ამბობენ, რომ ტრადიციულად ასეა.

დისკრიმინაციას, მათ შორის გენდერული ნიშნითაც, ანტიდისკრიმინაციული კანონი არეგულირებს. აღნიშნული კანონი საქართვეელოში 2014 წელს მიიღეს. კანონის მიზანი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრინველყოფაა, რასის, კანის ფერის, სქესის, ასაკის, ეთნიკურო და სოციალური კუთვნილების, პრფესიის, ოჯახური მდგომარეობის , სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების ნიშნის მიუხედავად.

გამოყოფენ პირდაპირი და ირიბი ნიშნით დისკრიმინაციას.

„პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა, როდესაც პირს კანონმდებლობით დადგენილი უფლებები რომელიმე ნიშნის გამო, კანის, რასისა და აშ. არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენებს სხვა პირებთან შედარებით. ან პირიქით, თანაბარ მდგომარეობაში აყენებს უთანასწოროდ. ირიბი ისეთი დისკრიმინაციული მადგომარეობაა, როდესაც დისკრიმინაცია ასე აშკარად არ არის გამოხატული, თუმცა იგულისხმება გარკვეულწილად. ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარში გამოცხადდა კონკურსი და ითხოვდნენ მომვლელ მამაკაცებს, ანუ ეს ვერ ჩაითვლება ქალების მიმართ დისკრიმინაციად, იმიტომ რომ იმ თავშესაფარში იყვნენ მამაკაცები და მათ სჭირდებოდათ მამაკაცი მომვლელი,”- განმარტავს ლია ხუროშვილი.

დისკრიმინაციისთვის საქართველოს კანონმდებლობა პასუხისმგებლობის უკიდურეს ზომას – სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს. სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება დისკრიმინაციის რაიმე ნიშნის მიხედვით „ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა“.