ძალადობა იდენტობის გამო

მედიას არც თუ ისე იშვიათად გვიწევს ისეთი ფაქტების გაშუქება, როდესაც ესა თუ ის ადამიანი, სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდება და მას თავს იდენტoბის გამო ნიშნით ესხმიან.

ვალერი, რომელიც ლგბტ თემის წევრია,სოფელ გურჯაანში 2017 წელს სცემეს. აღნიშნულ ფაქტს სწორედ მის იდენტობას უკავშირებს.

როგორც გვიყვება, ბრალდებული მის მეგობარსაც დაესხა თავს. ძიება სსკ-ის ორი- 126-ე (ძალადობა) და 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით მიმდინარეობდა. დაზარალებულის სტატუსი ვალერის ცემიდან რამდენიმე დღეში მიანიჭეს, ბრალდებული კი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა.დაზრაალებული იმ დღეს იხსენებს.

-„სოფელ გურჯაანში სტუმრად ვიყავით. დაახლოებით ღამის პირველი საათი იქნებოდა, ქუჩაში ჩხუბისა და ყვირილის ხმა ისმოდა. მასპინძელმა თქვა, მეზობლები კამათობენ, გავალ და დავაწყნარებო. ჩემმა მეგობარმაც გაიხედა, რა დროსაც სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. მე გავედი და ჭიშკრის დაკეტვას ვცდილობდი, თან ჩემი მეგობარიც შემოვიყვანე. ეზოში შემოვარდა ვიღაც ბიჭი ე.წ „მონტიროვკით“ ხელში. არაფერი უკითხავს, მოულოდნელად ორჯერ ჩამარტყა თავში და გონება დავკარგე, წავიქეცი, სისხლიანი ვიყავი, მეზობლებს ეგონათ, რომ მოვკვდი. გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მასზე წინ მოვიდა კრიმინალური პოლიცია. ვინც თავს დამესხა, აღნიშნავს, რომ ვითომ ქვებს ვესროდი. რა სისულელეა, დამეფიცება, ეზოს გარეთ არც გავსულვარ და იმ ეზოში კიდევ ქვას ვერ იპოვით. ჩვენებაში ამბობს, რომ მუშტი ჩამარტყა, არადა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ბლაგვი საგანი მაქვს ორჯერ დარტყმული. იმ მომენტში მის ქმედებას ვერ მივეცი ჰომოფობიური მოტივი. როგორც აღმოჩნდა, საერთო მეგობრები გვყოლია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, შეიძლება მას სადმე ვყავდე ნანახი და ეს თავდასხმა ჰომოფობიური იყოს. უბრალოდ თვალებში შემომხედა და ჩამარტყა. ასე უმიზეზოდ ხომ არ მოიქცეოდა. “.

როგორც ვალერი ასევე იხსენებს, რომ პოლიცია თავდაპირველად არაადეკვატურად მოქმედებდა, რის გამოც მან გენერალურ ინსპექციაშიც დარეკა.

-“თავხედურად იქცეოდნენ, მეუბნებოდნენ ის ბიჭი კარგი პიროვნებაა, თავს არ დაგესხმებოდა, შენ ჩმახავ რაღაცეებსო. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, მოდი სელფი და ვიდეო გადავიღო არ გინდაო? აგდებულად მელაპარაკებოდნენ. ერთ-ერთს სახელი და გვარი ვკითხე, რაზეც მიპასუხა, მამაჩემის გვარიც ხომ არ გაინტერესებსო? სანამ სახალხო დამცველის აპარატსა და გენინსპექციაში არ დავრეკე ყურადღება არ მომაქციეს.”

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით აკრძალულია დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განმარტავს, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. ამიტომ, თუ პირი თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს ან სასამართლოს.