იორმუღანლოში აზერბაიჯანის მხარდამჭერი აქცია საფრთხეს შეიცავს – რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში გუშინ გამართული აქცია, სადაც ახალგაზრდებმა აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვეს, საფრთხის შემცველია.

-“თუკი ეს ფაქტი მხოლოდ ემოციის ტალღა არ იქნა და სერიოზული გაგრძელება მოჰყვა, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია. ამ ორ ქვეყანას შორის  პირველი კონფლიქტის დროს, საქართველომ მკაფიოდ აიღო ნეიტრალიტეტის კურსი. არგუმენტი იყო ის, რომ პოზიციის დაფიქსირება, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის დაპირისპირებას გამოიწვევდა. თუ მხოლოდ მხარდაჭერის დემონსტრირება მოხდა, ეს ნაკლები უბედურებაა, თუმცა თუ სერიოზული გაგრძლება მოჰყვა, ეს გადაიზრდება საქართველოს ტერიტორიაზე სომხებსა და აზერბაიჯანელების დაპირისპირებაში. იმედი ვიქონიოთ, რომ შორსმჭვრეტელობასა და პატრიოტიზმს კვლავ გამოიჩენს ორივე მხარე,”- განაცხადა საყვარელიძემ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში გუშინ აზერბაიჯანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.მანქანების კოლონა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის დროშებით გადაადგილდებოდა.