ამომრჩეველს უბანზე პირბადე უნდა ეკეთოს

ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ამომრჩეველი, რომელსაც არ ექნება პირბადე, ვერ შევა საარჩევნო უბანზე.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველი პირბადით უზრუნველყოს. ამასთან, როგორც მიქელაძემ აღნიშნა, შესაძლოა ადმინისტრაციამ ამომრჩეველს ინდივიდუალური კალამიც შესთავაზოს.

„მაქსიმალურად შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. ქვეყნების, რომლებმაც ახლახანს პანდემიის პირობებში არჩევნები ჩაატარეს. ვმუშაობთ საკითხზე, რომ ამომრჩეველი, რომელსაც არ ექნება პირბადე, რა თქმა უნდა, პირბადის გარეშე ვერ შევა საარჩევნო უბანზე, თუმცა მას საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პირბადით. ასევე ვვარაუდობთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი.“-განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.
არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საარჩევნო უბნებზე დაცული იქნება ყველა წესი და რეგულაცია.
„რაც შეეხება საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს, ბუნებრივია, ბარიერი რომ იყოს, ისინი აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ფარებით. გარდა ამისა, პირბადეებით, ერთჯერადი ხელთათმანებით. ასევე, სისტემატურად მოხდება საუბნო-საარჩევნო კომისიების დამუშავება სპეციალური ხსნარებით და იმედი გვაქვს ეს პროცესი წარიმართება ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში,“-განმარტა მან.
მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ თერმოსკრინინგი ჩაუტარდება ყველა იმ პიროვნებას, ვინც უბანზე შევა, ამ ეტაპზე არ განიხილება არჩევნების დღეს ამომრჩევლისთვის სიცხის გაზომვა.
„წინასაარჩევნო პერიოდს რაც შეეხება, მას შემდეგ, რაც საუბნო-საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ფუნქციონირებას, ნებისმიერი პირი ვინც შევა უბანზე, იქნებიან კომისიის წევრები თუ პარტიების წარმომადგენლები, ისინი ვალდებული იქნებიან გაიარონ თერმოსკრინინგი. ეს წესი მოქმედებს საოლქო-საარჩევნო კომისიებზეც ამ ეტაპზე არჩევნების დღეს ამომრჩევლისთვის სიცხის გაზომვა არ განიხილება“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.