კახეთიდან PCR ტესტირებაზე 1069 ნიმუშია გაგზავნილი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, კახეთის რეგიონიდან სამედიცინო ცენტრ “ციტოში” ტესტირებაზე 1069 ნიმუში გაიგზავნა, აქედან 750 სოფელ მატნიდანაა, 256 გეგმიურია, ხოლო 63 – სოფელ ველისციხიდან.

მისი ინფორმაციით, სოფელ მატანში დაინფიცირებული 10 თვის ჩვილს, მამას და მამიდას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ, ხოლო 10 წლის ბავშვი უსიმპტომო იყო, თუმცა ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობის კურსს სპეციალიზირებულ კლინიკაში გადიან.

ნელი ხიზანიშვილმა სასწავლო პროცესის განახლების შესახებაც ისაუბრა.

„ყველა სკოლამ კრიტერიუმები დააკმაყოფილა და იქ სწავლა ჩვეულებრივ განახლდა, გარდა სოფელ მატანის ორი საჯარო სკოლისა, სადაც სწავლა დისტანციური მეთოდით დაიწყო. სოფელში ერთ-ერთ პედაგოგსა და მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი ე.წ ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მატანში ამ დრომდე გრძელდება უფასო PCR ტესტირება და მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი.