ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის


ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ ღია წერილში ისაუბრა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად იმ გარემოებას ასახელებს, რომ რომ მისი პოლიტიკაში მოსვლის მიზანი უკვე მიღწეულია.
„ამრიგად, თუ ობიექტურად გავაანალიზებთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო წარმატებას, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ის მოსალოდნელი და ლოგიკურია. მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება. ამიტომაც, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია,“ – ვკითხულობთ წერილში.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ქედს იხრის ქართველი ხალხის წინაშე, რომელიც არასოდეს დაუყვია მის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.

„მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე თუნდაც დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები.
მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში.
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ყველა ჩემს თანამოაზრესა და თანამებრძოლს, ვინც მენდო, ბრძოლაში გამომყვა და დღემდე ერთგულად ემსახურება საქართველოს. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის ქვეყნებს, უკლებლივ ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს, ვინც ურყევად მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს.
დაბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუგონარი შეურაცხყოფა და ცილისწამება აიტანა, სალი კლდესავით მედგა გვერდში და ერთი წუთითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი არჩევანის სისწორე.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას.
ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო – საქართველო!“

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. „ქართული ოცნების“ წესდების თანახმად, მისი ადგილი დროებით, გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ უნდა დაიკავოს.