განახლდება თუ არა სწავლა იორმუღანლოს სკოლებში [Audio]

18 იანვრიდან საგაკვეთილო პროცესი ონლაინ სწავლებიდან საკლასო ოთახებში გადაინაცვლებს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ყველა სკოლა შეძლებს თუ არა ამ რეჟიმში დაბრუნებას.

როგორც საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მანანა ცუცქირიძე რადიო ივრისთან საუბარში განმარტავს, ის სკოლები, სადაც ჯერ კიდევ არიან ინფიცირებული მოსწავლეები ან მასწავლებლები, სწავლას კვლავ ონლაინ გააგრძელებენ. მისივე თქმით, ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები და ყველა სკოლა მზადაა სასწავლო პროცესის გასაახლებლად.
„ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით ყველა ამბობს, რომ ვიწყებთ და არ გვაქვს გადადების არანაირი რისკი. კვირას დღის მეორე ნახევარში შეიძლება შეიცვალოს ვითარება. ჯერ არ ვიცი რამდენი სკოლა მომწერს, რომ არის კოვიდინფიცირებული. თუ სადმე რამე დაფიქსირდა, იმ კონკრეტულ სკოლას ონლაინსწავლებაზე გადავიყვანთ. რაც შეეხება ჰიგიენის ნორმებს, ყველა სკოლაში ჩატარდა დეზინფექცია არდადეგების პერიოდში სერტიფიცირებული კომპანიების მიერ და თავადაც აქვთ სადეზინფექციო საშუალებებისა და პირბადეების მარაგი.“

თავის მხრივ პედაგოგებისა და მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა დაიწყეს სკოლებმაც, რათა შესაბამისი მონაცემები რესურცენტრს მიაწოდონ. როგორც ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი, დავით როსტომაშვილი ამბობს, შესაბამისი დავალება მოადგილესა და კლასის დამრიგებლებს უკვე მისცა.

განახლდება თუ არა იორმუღანლოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.