11 წლის გოგონას ნიშნობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელდა ფოტო და ვიდეო კადრები, სადაც სავარაუდოდ, ფონიჭალაში, 11 წლის გოგონასა და 15 წლის ბიჭის ნიშნობაა ასახული. ამ საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.

„მიმდინარე წლის 8 თებერვალს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, 11 წლის არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ნიშნობის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება.
ვიდეომასალაში აღბეჭდილი გარემოებების დადგენის მიზნით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.“

აღნიშნულ კადრებს ეთნიკური აზერბაიჯანელები ავრცელებენ და საქართველოს ხელისუფლებას ამ ფაქტთან დაკავშირებით, რეაგირებას სთხოვენ.