გიორგი გახარია გადადგა

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიზეზად ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ნებისმიერი, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

„ნიკა მელია გახლავთ ადამიანი, რომელიც დიდად არასოდეს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას, ეს გახლავთ ადამიანი, რომლეიც მოუწოდებდა 20 ივნისს ჩვენს მოქალქეებს პარლამენტის შტურმისკენ და იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი პარლამენტში შეჭრის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეებისს ჯანმრთელობის, სიცოცხლეს, ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი…

იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენ შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარებისა და ყველა სახის კრიზისთან გამკლავებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.