სერიოზული დარღვევები, რაც გაყალბების ნიშნებს შეიცავდა, არ ყოფილა – მარეხ მგალობლიშვილი [Audio]

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება. მათგან სამი საჩივარი დაწერეს N11 გურჯაანის საოლქო კომისიაში, 2 საჩივარი- N17 თელავის საოლქო კომისიაში, ხოლო 1 – N16 ყვარლის საოლქო კომისიაში.

როგორც საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი ამბობს, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველს ჰქონდა საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა. ის იმ ტენტენციებზე საუბრობს, რომელიც ყველა არჩევნების დროს ფიქსირდებოდა.

-„გარდა პროცედურული დარღვევებისა, არ გამოვლენილა ისეთი დარღვევები, რომელიც გაყალბების ნიშნებს შეიცავს. იყო ტენდენციები, რომელიც წინა არჩევნების დროსაც ფიქსირდებოდა, ეს არის ზეგავლენა ამომრჩევლის ნებაზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ უბნების მიმდებარედ მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და აგიტატორები ახდენდნენ ამომრჩევლის აღრიცხვასა და გარკვეულ მითითებებს. ორგანიზაციის მიერ ეს ქმედება შეფასდა როგორც არაპირდაპირი გავლენა ამომრჩევლის ნების თავისუფლებაზე, თუმცა, ეს პირდაპირ კანონის დარღვევას არ წარმოადგენს.“

გარდა ამისა, ის საუბრობს ისეთ სახიფათო ტენდენციებზე, როდესაც მესამე პირები ცდილობდნენ სამაგიდო სიებიდან მოეპოვებინათ ინფორმაცია, რაც პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს და საჯარო არ არის. მათი ორგანიზაციის მხრიდან აღნიშნული ქმედება შეფასდა, როგორც ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი.

სტატია ქვეყნდება “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” და ასოციაცია “დემოკრატიული აღმოსავლეთის” ერთობლივი პროექტის – “შენი მუნიციპალიტეტი, შენი ხმა” ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების პოზიციას. შესაბამისად, “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” და ასოციაცია “დემოკრატიული აღმოსავლეთი” არ არიან პასუხისმგებელები მასალის შინაარსზე