მომავალ წელს კახეთში ძაღლების თავშესაფარი აშენდება

უკვე წლებია კახეთში უპატრონო ძაღლების პრობლემაზე საუბრობენ. ამ დროისთვის პრობლემის გადასაჭრელად, კახეთის რეგიონში მუშაობა უკვე დაიწყო.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, 2018 წელს გურჯაანში ძაღლების თავშესაფარი აშენდება.

-„კახეთის გუბერნიის ინიციატივით, მუნიციპალიტეტების მერიის თანადაფინანსებით, თავშესაფრის მოწყობა იგეგმება. პროექტის მიხედვით, თავშესაფარი გურჯაანში აშენდება. ჩვენ, მომავალი წლის ბიუჯეტში 100 000 ლარი გავითვალისწინეთ.“

Speqtri.ge კახეთის მუნიციპალიტეტის ყველა მერიას დაუკავშირდა, სიღნაღში, ყვარელსა და ახმეტაში გურჯაანის მსგავსად მომავალი წლის ბიუჯეტში 100 000 ლარი უკვე გაითვალისწინეს, რაც შეეხება დედოფლისწყაროს, ლაგოდეხს, თელავსა და საგარეჯოს ამ საკითხზე მოგვიანებით იმსჯელებენ.