ჩემ ხელში მოკვდები შენ – დაპირისპირება ტყისა და საძოვრების გამო [Video]

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თავწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნურად გაშენებულ ტყე-პარკში ხეებს უკანონოდ ჭრიან. ამის გამო ერთ-ერთი ფერმის მწყემსი და ოზაანში მცხოვრები მამუკა გარსენიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

-„ტყე-პარკი კომუნისტების პერიოდში გაშენდა. მიჯნაზე ჩემი ნაკვეთებია და ტყესაც თავად ვაქცევდი ყურადღებას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ვისია?! ტყე ხომ ქვეყნის სიმდიდრე და ჩვენი შვილების მომავალია. პარკის მთელ ტერიტორიაზე ხეები მწკრივად იყო დარგული, მაგრამ წლების განმავლობაში გაანადგურეს. ჭრიან და მაშინვე მანქანებით გააქვთ. ამ ახალ მობინადრე მწყემსებს ვერაფერი გავაგებინე. საფეჩედ ჭრიან, მაგრამ ეს ტყე ასე გასანადგურებელი არ არის, არც ტყე-კაფია გამოყოფილი ამ ტერიტორიაზე.“- გვიყვება მამუკა გარსენიშვილი.

ფერმის მწყემსი კი ხეების მოჭრაში თავად გარსენიშვილს ადანაშაულებს და მოკვლით ემუქრება.

-„ჩემმა შვილმა მოჭრა ორი აკაცია, ამ კაცმა კიდევ 52. შენ გიწერია სიკვდილი და ჩემ ხელში მოკვდები.“- მიმართავს მწყემსი, იორმუღანლოს თემის მკვიდრი (სახელი და გვარი არ გვითხრა) მამუკა გარსენიშვილს.

გაჩეხილი ტყე-პარკი Speqtri.ge-ს ობიექტივმაც დააფიქსირა. ფერმაზე მისულებს კი საშეშედ გამზადებული ხეები დაგვხვდა.

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს იურისტი გიორგი სურამლიშვილი ამბობს, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყე-კაფი გამოყოფილი არ არის და ხე-ტყის მოპოვება უკანონოდ ხდება.

-„ოთხი წელია რაც აქ ვმუშაობ და თავწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხის უკანონო ჭრის ფაქტები ყოველ წელს ვლინდება. დგება შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი და მასალები რეაგირებისთვის დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში იგზავნება. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვახორციელებთ მონიტორინგს. დედოფლისწყაროს რაიონში რამდენიმე ტყე-კაფი არსებობს, თუ ვინმეს სურს გათბობისთვის საშეშე-მერქანი კანონიერად მოიპოვოს ამისთვის ყველა რესურსი არსებობს.“
როგორც speqtri.ge-ს გარემოსდაცვითი ზედამხედვედელობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ზურა ბეგიაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე მონიტორინგს კიდევ ერთხელ განახორციელებენ.

მწყემსებს ყანების განადგურებაში ადანაშაულებენ

გარდა ტყის გაჩეხვისა, სოფელ ოზაანში მცხოვრებლები მწყემსებს საძოვრის გამოც უპირისპირდებიან. მათი თქმით, ფერმებს საძოვარი არ აქვს, მწყემსები კი საქონელს ყანაში აძოვებენ.
-„საშემოდგომო კულტურები მითესია, ხორბალი და ქერი. მიწა ბანკიდან აღებული სესხით დავამუშავე, რასაც გარშემო მყოფი ფერმების საქონელი მინადგურებს. ფერმა ჩემი სოფლელისაა. ადრე მანდ ბლოკის ცეხი იყო. ყველა ჩვენი ნაკვეთებით გადის იოლას და საქონელს აქ აძოვებს.“- ამბობს მამუკა გარსენიშვილი.
აღნიშნულ საკითხზე საუბრობს ოზაანის მკვიდრი ოთარ გარსენშვილიც. როგორც თავად ამბობს, აპირებს დახმარებისთვის პოლიციასაც მიმართოს.
-„ხშირია შემთხვევა, როდესაც მივდივარ ნაკვეთებში და ნათესები უკვე განადგურებული მხვდება. გარშემო რომ ფერმებია, მოსავალს მათი საქონელი აჩანაგებს. მარტო ისინი კი არა, მიმდებარედ გადასარეკი ტრასაა და ზოგი შორიდანაც მოდის. ძალიან ვწუხდებით. ისეთი შემთხვევა არ იყო, რომ ნაკვეთში მიმეტანებინა ცხვარ-ძროხისთვის და პოლიციაში დამერეკა. მაგ ხერხსაც ვცდი, იქნებ რამე გამოვიდეს. თუ არადა თავი უნდა დავანებო ხვნა-თესვას. ჩვენ ვწვალობთ, მოსავალი სისხლის ფასად მოგვყავს და რისთვის ვმუშაობთ?! “-გვიყვება ოთარ გარსენიშვილი.

ბრალდებას უარჰყოფს ერთ-ერთი ფერმის მწყემსი, რომელმაც სახელი და გვარი არ გვითხრა. მისი თქმით, ადგილობრივების ნაკვეთებს არა მისი, არამედ სხვისი საქონელი ანადგურებს.