ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ კახეთის გუბერნატორთან ერთად, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის მშენებლობა დაათვალიერა.

გურჯაანი-ბაკურციხის გზა, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას დააკავშირებს ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან.
ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს, ავტოტრანსპორტი ქალაქ გურჯაანსა და 7 სოფელს აუქცევს გვერდს.
ამ დროისათვის მიმდინარეობს, მიწის საფუძვლის, ყრილის, ბეტონის მილ-ხიდების მოწყობის სამუშაოები. ასევე ხიდის სამშენებლო სამუშაოები, გზის საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა და ასფალტ-ბეტონის მოწყობის სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება. ამ ეტაპზე დასაქმებულია 270 ადამიანი.
15,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის ღირებულება 38 000 000 ლარია და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.