პედაგოგ თეა გურგენიძის საქმეს აუდიტის დეპარტამენტი შეისწავლის [Audio]

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგ თეა გურგენიძეს მეოთხე კლასის მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ.
როგორც საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მანანა ცუცქირიძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, აღნიშნული ფაქტი კამერამ დააფიქსირა, მანდატურმა კი შესაბამისი ოქმი დაწერა.

მისი თქმით, ჩანაწერში, რომელიც დისციპლინური კომიტეტის წევრებმა უკვე ნახეს, ჩანს, რომ მოსწავლეს პედაგოგი თავში წიგნს რამდენჯერმე ურტყავს, ხოლო შემდეგ ხელზე კალამს არჭობს.

-„აღნიშნული კადრი დირექტორის მიერ სკოლის დისციპლინურ კომიტეტს გადაეცა. მიმდინარეობს მოკვლევა და თუ ფაქტი დადასურდება, პედაგოგს ადმინისტრაციული სასჯელი ელოდება. ვიდეოკადრები ნახეს დისციპლინური კომიტეტის წევრებმა, სადაც ნამდვილად დასტურდება, რომ რამდენჯერმე არტყავს წიგნს და კალამს ურჭობს ხელში.“
თავად თეა გურგენიძე ბრალდებას უარყოფს, რესურსცენტრის ხელმძღვანელს მანანა ცუცქირიძეს უპირისპირდება და აცხადებს, რომ პროცესი მისი მხრიდან არის მართული, მიზეზად კი წარსულში მომხდარ პირად კონფლიქტს ასახელებს.

-„დისციპლინური კომიტეტის წევრი მშობლები საჩივარს ამზადებენ განათლების სამინისტროში გასაგზავნად. ამბობენ, რომ მათ ჩემი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ეს პირადი ანგარიშსწორებაა რესურსცენტრის ხელმძღვანელის მანანა ცუცქირიძის მხრიდან. ადრე დედაჩემი გაათავისუფლა ჩაილურის სკოლიდან. ვთხოვე, გადაწყვეტილება შეეცვალა. დედაჩემი კანონდარღვევით გაუშვეს შუა სასწავლო წელს, ვითომ ბიუჯეტი არ აძლევდათ საშუალებას. არადა, ექვსი თვის შემდეგ სხვა კადრი დანიშნეს. ქალბატონმა მანანამ მითხრა, თუ გინდა კარგი ურთიერთობა გქონდეს ჩემთან, დედაშენის საქმის განხილვას თავი დაანებეო. აქედან დაიწყო ყველაფერი. კომიტეტის სხდომაზე არ დამკითხეს, მაინტერესებს, რის საფძველზე წამიყენეს ბრალდება?“- აცხადებს ის.

აღნიშნულ პროცესში პირად კონფლიქტს კატეგორიულად უარჰყოფს საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე.

-”პირადი კონფლიქტი საერთოდ გამორიცხეთ, ამ თემასთან არაფერ შუაშია. ცემის ფაქტს თუ არ დაადასტურებდა დისციპლინური კომიტეტი, გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. საკუთარი თავის დაცვის მიზნით სხვისადმი ბრალდება ცოტა მიუღებელია ჩემთვის. არ შევხვედრივარ არც ერთ დისციპლინური კომიტეტის წევრს. როდესაც გავიგე, რომ დაფიქსირდა ცემის ფაქტი, დირექტორს ვუთხარი, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, კანონმდებლობის სრული დაცვით ემოქმედა.“

დისციპლინურ კომიტეტში, რომელმაც თეა გურგენიძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, სულ ექვსი წევრია, ორი პედაგოგი, ორი მოსწავლე და ორი მშობელი. კომიტეტის თავმჯდომარე ჰასან აბდულაევი აცხადებს, რომ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს.
როგორც იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვაგიფ ახმედოვმა გვითხრა, აღნიშნული გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილა სკოლის სამეურვეო საბჭომ, რის შემდეგაც პედაგოგ თეა გურგენიძის საქმეს უკვე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი შეისწავლის.

პედაგოგს მხარს უჭერენ მოსწავლეები. მეოთხეკლასელებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვდნენ, რომ არ გათავისუფლდეს თეა გურგენიძე. ისინი საგაკვეთილო პროცესს არ ესწრებიან.
როგორც რესურსენტრის ხელმძღვანელი ამბობს, მოსწავლეებს გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ.