ძალადობის შესაძლო ფაქტი იორმუღანლოს საჯარო სკოლაში

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგ თეა გურგენიძეს მეოთხე კლასის მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ.
როგორც საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მანანა ცუცქირიძემ განაცხადა, აღნიშნული ფაქტი კამერამ დააფიქსირა, მანდატურმა კი შესაბამისი ოქმი დაწერა.

მისი თქმით, ჩანაწერში, რომელიც დისციპლინური კომიტეტის წევრებმა უკვე ნახეს, ჩანს, რომ მოსწავლეს პედაგოგი თავში წიგნს რამდენჯერმე ურტყავს, ხოლო შემდეგ ხელზე კალამს არჭობს.

-„აღნიშნული კადრი დირექტორის მიერ სკოლის დისციპლინურ კომიტეტს გადაეცა. მიმდინარეობს მოკვლევა და თუ ფაქტი დადასურდება, შესაბამის პედაგოგს ადმინისტრაციული სასჯელი ელოდება. ბავშვები, რომლებიც აქციაზე დგანან და მათი მშობლებიც, მასწავლებლის დაცვას მოითხოვენ. პირადად ჩემთვის, სკოლის ადმინისტრაციისთვის და ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოებისთვის, მიუღებელია ისეთი ადამიანის დაცვა, რომელიც ბავშვზე ძალადობს. რაც შეეხება მოსწავლეთა მიერ გაკვეთილების გაცდენის ფაქტს, ძალიან ცუდია, რომ ბავშვები ზარალდებიან. მშობლები მათ თავს ახვევენ ცრუ ინფორმაციას. მოსწავლეებს გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ. თუ დადასტურდება, რომ პედაგოგმა ბავშვი სცემა, ნამდვილად გათავისუფლების ღირსია. ვიდეოკადრები ნახეს დისციპლინური კომიტეტის წევრებმა, სადაც ნამდვილად დასტურდება, რომ რამდენჯერმე არტყავს წიგნს და კალამს ურჭობს ხელში.“

დღეს მეოთხე კლასის მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნაა, არ გათავისუფლდეს პედაგოგი. ისინი საგაკვეთილო პროცესს არ ესწრებიან.

პედაგოგ თეა გურგენიძის საკითხთან დაკაშირებით სკოლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს.