ტყით სარგებლობის წესები მკაცრდება

საქართველოს მთავრობამ ტყით სარგებლობის მარეგულირებელ დადგენილებებში შეტანილი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილება მიზნად ისახავს ტყის რესურსის შენარჩუნებასა და ხანძრების პრევენციას.

უწყების ინფორმაციით, ახალი წესები უზრუნველყოფს ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტყის მდგრადი განვითარების პროცესს, დააზღვევს უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რისკს და მნიშვნელოვანწილად შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს.

„მარტივდება და ხელმისაწვდომი ხდება ტყეში არსებული ნარჩენით სარგებლობა. ტყიდან ხეტყის ნარჩენების ათვისება და გამოტანა დასაშვები იქნება მყარი ბიოსაწვავის – ბრიკეტების, პელეტებისა და სხვათა წარმოების მიზნით. ეს ხელს შეუწყობს ტყეების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებას, მოაგვარებს ჩახერგილობის პრობლემას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხანძრის პრევენციისთვის. აღარ მოხდება სოციალური ჭრის ფარგლებში პირველი ხარისხის, ანუ სამასალედ გამოსაყენებელი ხეტყის გაცემა პირდაპირ ტყიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საშეშე რესურსის დამზადებას უზრუნველყოფს ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო. საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის აღნიშნული რესურსი ხელმისაწვდომი იქნება პირდაპირი მიყიდვის გზით. ამ ეტაპზე ცვლილებები არ ეხება მოსახლეობის შეშით მომარაგების არსებულ მექანიზმს.“-აღნიშნულია განცხადებაში.

პარალელურად, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობასაც შესთავაზებს მომსახურებას და კომლზე ყოველწლიურად დადგენილი მოცულობის ფარგლებში, მიაწვდის უკვე დამზადებულ და ტყიდან გამოტანილ საშეშე მერქანს იმ ფასად, რაც რეალურად საჭიროა მერქნის დამზადების, ტყიდან გამოტანისა და ტრანსპორტირებისათვის.