არასოდეს წავალ ჩემი ქართველი ხალხის წინააღმდეგ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც მან გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა, თუ სპეცოპერაციის მონაწილე პირები არ დაისჯებიან, საქართველო პანკისის ხეობას დაკარგავს.

“იმდენად კარგად არ ვიცი ქართული, რომ სრულყოფილად ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი. ამ სიტყვებში მხოლოდ ნდობის დაკარგვა იგულისხმებოდა. თუ პანკისის მცხოვრებლებს ხელისუფლებისადმი ნდობა აღარ ექნებათ და ქისტი მოსახლეობა ნელ – ნელა დატოვებს ხეობას, პანკისის ხეობა ქისტი მოსახლეობის გარეშე დაიკარგება. მხოლოდ ამის თქმა მინდოდა. ჩემი განცხადება ვისაც როგორ აწყობდა, ისე გაიგო, მე არასოდეს წავალ ჩემი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. “- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.