საგარეჯოს მერმა იორმუღანლოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა [Audio]

რადიო „ივრისის“ სტუდიაში სტუმრად იმყოფებოდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი. მან იმ თემებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს აინტერესებდათ. გადაცემას უძღვებოდნენ თოზუ გულმამედოვა და რადიო „ივრისის“ დირექტორი მაია ყალაბეგაშვილი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც გიორგი ერბოწონაშვილთან ისაუბრა, ეხებოდა დუზაგრამის გზის რეაბილიტაციას. როგორც მერმა აღნიშნა, გზის ამ მონაკვეთის მშენებლობა 2018 წელს გაგრძელდება.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის  შემოსავლის ძირითადი სფერო სოფლის მეურნეობა, კერძოდ კი მეცხოველეობაა. მორიგი კითხვაც სწორედ ამ საკითხს ეხებოდა, რაზეც მერმა უპასუხა: „ჩვენ შეგვიძლია შუამავლის როლი ვითამაშოთ და ყველა მოსახლეს დავეხმაროთ. თუმცა, ჩვენ თანხების გაცემა არ შეგვიძლია.

სახელმწიფოს აქვს არაერთი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მეწარმეს შეუძლია უპროცენტო თანხები  გამოიტანოს. ასეთ პროგრამებს ძირითადად სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.“

რაც შეეხება  საწარმოებისა  თუ კოოპერატივების გახსნას, მერის თქმით, ეს კერძო ბიზნესმენის პრეროგატივაა და ამ საკითხს მერია ვერ გადაწყვეტს.

მერი ასევე დაპირდა ახალგაზრდებს, რომ სავარაუდოდ 2019 წლისთვის, იორმუღანლოში მოეწყობა, თუნდაც მცირე ზომის კულტურის სახლი. „სურვილი მაქვს, რომ ამ ტერიტორიაზე თუნდაც მცირე ზომის,  კულტურის სახლი მაინც აშენდეს,   ჩამოყალიბდეს ანსაბლი და ჩატარდეს კულტურული ღონისძიებები. ეს ჯერჯერობით დაგეგმილი არ გვაქვს, მაგრამ ამ პროექტს აუცილებლად 2019 წელს განვახორციელებთ.“

მერმა ასევე ისაუბრა ბაღების მშენებლობაზე, ნაგვის ურნების მოწყობაზე, სპორტული წრეების ინვენტარით აღჭურვაზე და სხვა.