კიბერბულინგი დანაშაულია [Audio]

საქართველოში ინტერნეტთან დაკავშირებით არსებული საფრთხეებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კიბერბულინგი. როგორც არასამთავსრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, ბულინგთან გამკლავება ბავშვებს უფრო უჭირთ და ისინი უფრო მეტად არიან დაუცველები ინტერნეტსივრცეში.

იორმუღანლოს თემში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კიბერბულინგის მნიშვნელობა ცნობილია, თუმცა, როგორც იათარ გასანოვა ამბობს, მან არ იცის როგორ შეიძლება დაიცვას თავი კიბერბულინგისგან.

მარიამ ბაირამოვას აზრით, კიბერბულინგი და კიბერუსაფრთხოება ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ამიტომ თავდაცვის მიზნით არ სტუმრობს საეჭვო ვებგვერდებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი ამბობს, კიბერბულინგის შესახებ სტატისტიკა არ არსებობს, რადგან საქართველოში გვაქვს სტატისტიკის შეგროვების სერიოზული პრობლემა.

„ბავშვებს უფრო მეტად უჭირთ გამკლავება კიბერბულინგთან. კიბერბულინგი არის ერთ-ერთი კომპონენტი უფრო ფართე ბულინგის სახეობისა. ვინაიდან სახელმწიფოს არ აქვს ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ბუნებრივია, ეს ძალიან გავრცელებულია. ჩვენთვის ცნობილია სკოლის შემთხვევები და სამწუხაროდ, დღეს ეფექტურად არ ხდება ამ პრობლემის გადაჭრა პროფესიონალების მიერ.“

პრევენციის მიზნით, სანამ კიბერბულინგის დანაშაული მიიღებს მასშტაბურ და მძაფრ ხასიათს, ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ სხვა აქტივობებთან ერთად მნიშვნელოვანია მასწავლებლების გადამზადება და მედიაწიგნიერება.

ანა არგანაშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში მოსწავლეებმა არც კი იციან, თუ ვის უნდა მიმართონ კიბერბულინგის შემთხვევაში.
ის ამ მიმართულებით რეკომენდაციებს გასცემს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე ადეკვატურია მიმართონ არასამთავრობო ორგანიზებს ან სახალხო დამცველს, მაგრამ თუ კიბერბულინგი შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაშინ უნდა მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სოციალურ სამსახურს.