მეოთხე კლასის მოსწავლეებს გაკვეთილი კარავში ჩაუტარდათ – აქცია იორმუღანლოში [Audio]

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი კარავში ჩაუტარდათ.
მშობლები და მოსწავლეები პედაგოგ თეა გურგენიძის სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

თეა გურგენიძეს მოსწავლის ცემას ედავებიან, თუმცა, თავად ამ ბრალდებას უარყოფს. მისი მხრიდან ცემის ფაქტს არ ადასტურებენ მოსწავლეები და მათი მშობლები.
მეორე მიზეზი, რის გამოც დღევანდელი აქცია მოეწყო, იყო ქართული სექტორის მოსწავლეების მიერ საატესტატო გამოცდებზე მიღებული უარყოფითი შედგები. აქციის მონაწილე კაზანფარ მამედოვი ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდება, მშობლები ბავშვებს ქართულ სექტორზე აღარ შეიყვანენ.

„თუ არ გაათავისუფლეს სკოლიდან გაუნათლებელი მასწავლებლები, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ბავშვები ქართული სექტორიდან გამოვიყვანოთ და აზერბაიჯანულზე გადავიყვანოთ. იმიტომ, რომ 12 წლის წინ დაიწყო ასმა ბავშვა ქართულ სერტორზე სწავლა, ბოლოში გავიდა 6 და მათგან ატესტატი მხოლოდ ერთმა აიღო.“ – ამბობს კაზანფარ მამედოვი.

გამოცდაზე ჩაჭრილი მეთორმეტეკლასელები ასეთი შედეგების გამო დამნაშავედ პედაგოგებს მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ისინი გაკვეტილებს არასათანადოდ ატარებენ.
იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე რიზვან უსუფოვი კი, ამბობს, რომ პრობლემა მასწავლებლებში კი არა, მოსწავლეებშია, რადგან ისინი ან არ დადიან სკოლაში, ან არ სწავლობენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუკი თეა გურგენიძეს სკოლაში არ დააბრუნებენ, მომავალი დღიდან უკვე ფართს იქირავებენ და მათი შვილები სწავლას იქ გააგრძელებენ.
როგორც საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე ამბობს, აღნიშნულ საკითხზე მშობლებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ იორმუღანლოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის თეა გურგენიძის წინააღმდეგ მოკვლევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდააუდიტის დეპარტამენტმა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მას მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ, თუმცა, თავად თეა გურგენიძე ფაქტს არ ადასტურებს და სამართლებრივ დავას გეგმავს.