ლამბალოში ქალთა ოთახი გაიხსნება


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში „ქალთა ოთახი“ გახსნება. ამისთვის ლამბალოს ადმინისტრაციულ შენობაში უკვე შეირჩა შესაბამისი ფართი, რომელიც პროექტის „MOLI კახეთში“ მხარდაჭერით, გარემონტდა და აღიჭურვა ავეჯით, ასევე სხვა აუცილებელი ატრიბუტებით.

2017 წლის 4 ოქტომბერს, კახეთის გუბერნატორს, ირაკლი ქადაგიშვილს, ასევე ორგანიზაციების „მერსი ქორისა“ და „HEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის“ ხელმძღვანელებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში „ქალთა ოთახების“ გახსნას ჩაეყარა საფუძველი.
„ქალთა ოთახები“ არის „მერსი ქორის“ და შვეიცარიის მთავრობის ერთობლივი პროექტის „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ იდეა, რომელიც გახლავთ მუნიციპალური სერვისი და ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას და ადგილობრივ მმართველობაში ინტეგრაციას ემსახურება. „ქალთა ოთახების“ გახსნას კახეთის რეგიონში მხარს პროექტი „MOLI კახეთში“ უჭერს, რომელიც „HEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის“ მიერ შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით უკვე მერვე წელია ხორციელდება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტს რამდენიმე დღის წინ ესტუმრნენ პროექტის წარმომადგენლები, რომლებსაც შეხვდნენ მერიის გენდერის საკითხებში პასუხისმგებელი პირი თამარ ურდულაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში სანდრო უსტიაშვილი და მერიის სხვა თანამშრომლები. სტუმრებმა „ქალთა ოთახს“ საჩუქრად კომპიუტერული ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, ოფისის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სხვა ატრიბუტები გადასცეს.

უახლოეს პერიოდში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ „ქალთა ოთახში“ დაინიშნება პასუხისმგებელი პირი და ოფისი აქტიურად დაიწყებს ფუნქციონირებას. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი მიმართულება იქნება ადგილობრივი მოსახლეობიდან ქალბატონების შერჩევა, რომელთაც შესაბამის ტრენინგებს ორგანიზაცია „მერსი ქორის“ ექსპერტები ჩაუტარებენ.