გენდერი და ქალის როლი საზოგადოებაში [Audio]


დღეს საზოგადოებაში ფართო მსჯელობის საგანია გენდერი და გენდერული თანასწორობა. თუმცა, ბევრისთვის უცნობია რა იგულისხმება ამ საკითხში. იორმუღანლოს თემში მცხოვრებმა ხორჩა იოლჩიევა გენდერის შესახებ ინფორმაცია მეგობრისგან შეიტყო, ახლა კი სხვებსაც უზიარებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ წარმომადგენელი ნანა იოსელიანი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ გენდერული თანასწორობა დარღვეულია, ეს იწვევს დისკრიმინაციას. აუცილებელია მოზარდები ინფორმირებულები იყვნენ რა არის გენდერი, რას გულისხმობს გენდერული თანასწორობა და როგორ დაიცვან თავი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა არგანაშვილის თქმით, სკოლებში გენდერული საკითხები არ ისწავლება სათანადოდ. სამოქალაქო განათლების კურსი გარკვეულწილად ეხება ამ საკითხებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მისივე განმარტებით, სკოლაში აუცილებელია გენდერულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება ხდებოდეს არა ერთ, არამედ ყველა საგნის სწავლებისას.

როგორც ანა არგანაშვილი ამბობს, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ენობრივი ბარიერი, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემში განსაკუთრებულად უნდა დაიგეგმოს ამ საკითხების სწავლება, მაგრამ მისივე განმარტებით, ყველა თემს სჭირდება თავისი მიდგომა და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინება.