არა ნაადრევ ქორწინებას [Audio]

ნაადრევი და იძულებითი ქორწინება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხია. სწორედ ამიტომ მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ქმედება დასჯადია.
როგორც იორმუღანლოს მკვიდრი, 16 წლის მეჰფარა მამედოვა ამბობს, რამდენიმე წლის წინ ხშირი იყო ნაადრევი ქორწინების შემთხვევები, თუმცა, დღეს დამოკიდებულება შეიცვალა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის კოორდინატორი იურისტ ლია ხუროშვილის თქმით, არასრულწლოვანთან ქორწინება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 8 წლამდე, თუმცა, მას შეიძლება ახლდეს დამამძიმებელი გარემოებებიც.
მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც დამნაშავესთან ფორმდება საპროცესო შეთანხმება, თუმცა, ეს არის პროკურატურის უფლება და არა მოვალეობა. თუკი კანონმდებლის მიდგომა შეიცვალა, შესაძლოა ამ გადაწყვეტილებას ცუდი შედეგები მოჰყვეს. ამიტომ იურისტი საზოგადოებას, მშობლებს და თავად ახალგაზრდესბ ურჩევს, სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს და არ დააყენონ თავიანთი თავისუფლება საფრთხის წინაშე.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ადრეული ქორწინება უარყოფითად მოქმედებს არამხოლოდ მოზარდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, არამედ ფიზიოლოგიურადაც საზიანოა.
ფსიქოლოგ მაია ყვირალაშვილის თქმით, მოზარდები ვერ აცნობიერებენ ოჯახის შექმნის ტვირთს და ისინი ქორწინებას აღიქვამენ გაცილებით უფრო ლამაზ ფერებში.
მაია ყვირალაშვილი ამბობს, რომ კვლევების მიხედვით, 15-18 წლის ასაკში ორსულობისა და მშობიარობის დროს, ორჯერ მაღალია სიკვდილიანობის რისკი, ვიდრე ოცი წლის ასაკში. 15 წლამდე ქორწინების შემთხვევაში კი ეს თანაფარდობა არის ერთი შვიდთან. მისივე თქმით, ადრეული ქორწინების შემთხვევაში ასევე მაღალია ახალშობილთა პათოლოგიები.