შეხვედრა აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან იორმუღანლოს საზოგადოებრივ ცენტრში


კახეთის რეგიონში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან გაიმართა შეხვედრა, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი უწევს კოორდინაციას.

შეხვედრას, სოფელ იორმუღანლოს საზოგადოებრივ ცენტრში მიმდინარეობდა, ესწრებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, მერის პირველი მოადგილე ალექსი გილაშვილი, მერის წარმომადგენლები აზერბაიჯანულენოვან თემში და სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე გიორგი ერბოწონაშვილმა, ხაზი გაუსვა ამ საინფორმაციო კამპანიისა და სამთავრობო უწყებების მიერ მოსახლეობისთვის შეთავაზებული სახელმწიფო სერვისების მნიშვნელობას.
შეხვედრას უძღვებოდა კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი.„ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მოსახლეობას, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს არსებული სოციალური, ეკონომიკური, იურიდიული და სხვა სახის პრობლემათა ეფექტურად გადაჭრისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების საშუალება მიეცეთ,“ – აღნიშნა მან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ის პროექტები და სერვისები წარუდგინეს, რომელთაც ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს.