იორმუღანლოს თემში ბაღების მშენებლობა იგეგმება [Audio]

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში  საკუჭნაოებისა და სამზარეულოების მოწესრიგება მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით ამისათვის მიმდინარე წელს 38 ათასი ლარი დაიხარჯება. ამ ეტაპზე  შერჩეულია 8 ობიექტი. ესენია: დუზაგრამის,  გიორგიწმინდის, ხაშმის, უჯარმის, წყაროსთავის, დიდი ჩაილურის,  პატარძეულის N1 და N2 საბავშვო ბაღები.

მიმდინარე სარეაბილიტაციო  სამუშაოები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ასრათაშვილმა და ა.ა.ი.პ. „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ელზა გილაშვილმა დაათვალიერეს.

„ძირითადად მოეწყო სამზარეულოები,  გაკეთდა გაზის თავზე გამწოვები, კაფელი,  მეტლახი და პლასტიკატით ჭერი. 2014 წელს 28 საბავშვო ბაღში გავაკეთეთ სამზარეულოების რემონტი, მაგრამ ახალი შემოწმების დროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალი მითითებები მოგვცა. პრობლემა ჩვენი ის იყო, რომ გამწოვები არ ჰყოფნიდა და სამზარეულოები ინესტებოდა.“ – ამბობს ელზა გილაშვილი.

მისივე თქმით, სოფელ დუზაგრამის ბაღში საჭიროა ოთახების მიშენება, რადგან ის ფართი საკმარისი არ არის.

როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, პაატა ასრათაშვილი რადიო ივრისთან საუბარში აღნიშნავს, 2019 წელს დუზაგრამის გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის პრიორიტეტია ბაღების მშენებლობა ლამბალოსა და იორმუღანლოში.

„მომავალი წლისთვის იგეგმება ლამბალოსა და იორმუღანლოში ბაღების მშენებლობა და დუზაგრამის ბაღისთვის ოთახების მიმატება. ჩვენ ბიუჯეტს ამდენი თანხები არ გაგვაჩნია, გვინდა გადავიტანოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მომავალი წლის პრიორიტეტებში აუცილებლად ჩავსვამთ ბაღებს. შარშან დაგვიკავშირდა სოკარ გაზის წარმომადგენლობა, თვითონ უნდოდათ ბაღის აშენება.  ჩვენ დავეხმარეთ, მიწის ნაკვეთი გამოვუყავით და შემდეგ გაჩერდნენ. რაკი თვითონ აღარ გააკეთეს, სამომავლოდ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ავაშენოთ ბაღი.“

პაატა ასრათაშვილის თქმით, ჯერჯერობით უცნობია სულ რა თანხა დასჭირდება ბაღების მშენებლობას.