იორმუღანლოში სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა [Audio]

ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც საქართველოს მელიორაციაში განმარტავენ, განხორციელებული პროექტის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 9500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა სარწყავი წყლის მიწოდება.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ბუკიამ, და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა, აღდგენილი საირიგაციო სისტემა დაათვალიერეს და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.

როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ასრათაშვილი ამბობს, პრობლემა იყო იორმუღანლოს ზონაში, თუმცა, რეაბილიტაციის შემდეგ სარწყავ არხში წყლის მიწოდებამ მოიმატა.

„ეს არის სამწლიანი პროექტი. ორი წლის ნამუშევრით უკვე დიდი შედეგი გვაქვს. რეაბილიტაციის შედეგად არხმა სიმაღლეში მოიმატა და კუბატურაც გაიზარდა, რომ წყალი კაზლარამდე ჩავიდეს. დღეის მდგომარეობით ამ მიმართულებით ყველაფერი ნორმალურადაა.“-გვითხრა პაატა ასრათაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინასნებით “ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების” პროექტის ფარგლებში განხორციელდა.