საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური განცხადება

საგარეჯოში ძაღლების დახოცვასთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენთვის სოციალური ქსელში გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ დღეს (12 ივლისს), გამთენიისას, ქალაქ საგარეჯოში ვანდალური ფაქტი მოხდა – რამდენიმე ე.წ უპატრონო ძაღლის მიმართ განხორციელდა არადამიანური ქმედება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია კატეგორიულად გმობს ცხოველებთან ბარბაროსული დამოკიდებულების ნებისმიერ გამოვლინებას და მით უფრო – მათ მიზანმიმართულ ლიკვიდაციას.
მერია მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ არასოდეს მოეპყრან ცხოველებს არაჰუმანურად და მითუმეტეს – არ განახორციელონ მათი ლიკვიდაცია.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, 12 ივლისს ძაღლების თავშესაფრის მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას დაურეკა საგარეჯოდან ქალბატონმა და შეატყობინა, რომ ლესელიძეზე, ბაზრის უბანში გამთენიისას 4-დან 5 საათამდე სროლის ხმა ისმოდა და რამდენიმე ძაღლი მოკლეს. დილით მხოლოდ ერთი ძაღლი იპოვა, რომელიც საკუთარ სისხლში ცურავდა. მან ეს ძაღლი დასახმარებლად თბილისში გადაიყვანა.

ინფორმაციას თან ახლდა აღნიშნული ფოტო.