ერთი ლამაზი დღე იორმუღანლოელი ახალგაზრდებისთვის [Audio/Photos]

ქართულ-აზერბაიჯანულ სათემო რადიო „ივრისთან“ არსებული ახალგაზრდული კლუბის აქტიური წევრები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ თბილისში, სადაც მოინახულეს ეროვნული მუზეუმი, ტექნოპარკი, ესტუმრნენ მაკდონალდსს, დღის დასასრულს კი ნახეს ფილმი 3D განზომილებაში.

ბავშვებისთვის ეს დღე მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ახალგაზრდული კლუბის ერთ-ერთი წევრი, ილგარა მამედოვა ამბობს, რომ ექსკურსიაზე ყველაზე მეტად ეროვნული მუზეუმითა და ფილმით მოიხიბლა.

“ჩემთვის ექსკურსია ძალიან საინტერესო იყო. პირველად ვიყავი მაკდონალდსში და კინოში. მომეწონა ფილმის ნახვა 3D სათვაალებით, ეს ძალიან საინტერესო იყო. მუზეუმში ბევრი ახალი ინფორმაცია მოგვაწოდეს და ეხლა უფრო უკეთესად დამამახსოვრდა ისტორიული ნივთები. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ასეთი ლამაზი დღე მოგვიწყო.

ჯაფარ ჰახვერდიევისთვის კი ფილმთან ერთად, ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ტექნოპარკში სტუმრობა.

“ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღე იყო. ყველაზე მეტად მე ტექნოპარკი და კინო მომეწონა. გმადლობთ ამ შესანიშნავი დღისთვის.”

როგორც ექსკურსიის ორგანიზატორი, ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატისა“ და რადიო „ივრისის“ დირექტორი, მაია ყალაბეგაშვილი ამბობს, ასეთი ტიპის ღონისძიები ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის დაახლოებისა და ინტეგრაციისათვის.

“კლუბი “ახალგაზრდა იორმუღანლოელი” PH international-ის პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა სათემო რადიო “ივრისის” ბაზაზე. პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე, რომელსაც მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, დაიგეგმა ექსკურსია თბილისში. კლუბის აქტიური წევრები, მშობლებთან ერთად ეწვივნენ ეროვნულ მუზეუმს, მოინახულეს ტექნოპარკი, ხოლო საღამოს ნახეს ფილმი კინოთეატრ “კავეაში”. ეს იყო ლამაზი დღე, დღე, რომელმაც ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მათი და ჟურნალისტთა ასოციაცი “მეცენატის” სახელით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერისთვის.”