გიორგიწმინდის საჯარო სკოლას სახანძრო ფარი გადასცეს


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსი გილაშვილმა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ საგარეჯოს ხანდაზმულთა ცენტრის მენეჯერმა მაია ალექსიშვილმა, საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გიორგიწმინდის საჯარო სკოლას სახანძრო ფარი გადასცეს. ფარი აღჭურვილია ხანძრის ჩასაქრობად საჭირო ყველა აუცილებელი ატრიბუტით.

სახანძრო ფარის გადაცემა მოხდა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ პროექტის – „უსაფრთხო და სტაბილური თემის ჩამოყალიბება“ – ფარგლებში. მაია ალექსიშვილის განმარტებით, პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა მომზადებას ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეულ კატასტროფებზე რეაგირებისა და მოსალოდნელი რისკების შემცირებისთვის.

გიორგიწმინდის საჯარო სკოლა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისთვის“ წარმოადგენს ე.წ. სამიზნე სასწავლო დაწესებულებას, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში სიმულაციური ვარჯიშები განხორციელდა. შედეგად, მოსწავლეებმა მიიღეს საბაზისო ცოდნა, თუ როგორ დაიცვან საკუთარი თავი, ოჯახის წევრები და გარშემომყოფები კატასტროფების შემთხვევაში.