საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პირველი ერთობლივი თათბირი გამართეს

24 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ერბოწონაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ოთარ ჩალათაშვილმა ერთობლივი თათბირი გამართეს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სოფლებში არსებული ყველაზე მწვავე და გადაუდებელი პრობლემები, მათი გადაჭრის გზები, მიმდინარე პროექტები და დაწყებული სამუშაოები.

გამოვლინდა მუშაობისას არსებული ხარვეზები და დაიგეგმა ორი სტრუქტურის მიერ ერთობლივად გადასადგმელი ნაბიჯები.

„როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მუნიციპალიტეტის ზოგიერთ თემში პრობლემებს ის გარემოებაც ქმნის, რომ მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შესაბამისი ეფექტურობით ვერ თანამშრომლობენ ხოლმე. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ძალზე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ დეპუტატის ბიუროსთანაც. ამ თათბირის უმთავრესი მიზანია, ჩვენი საქმიანი ურთიერთობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გავხადოთ უშუალოდ ადგილებზე – დაგეგმილი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში,-“ ასე განმარტა შეხვედრის მნიშვნელობა გიორგი ერბოწონაშვილმა.

თათბირზე მოწვეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრი – მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი რომან მუჩიაშვილი.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დღეიდან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან. ეს აუცილებლად მოუტანს სასიკეთო შედეგებს ჩვენ მოსახლეობას. გპირდებით, რომ ვიდგები თქვენს გვერდით და ძალისხმევას არ დავიშურებ საერთო საქმისთვის,“- განაცხადა რომან მუჩიაშვილმა.
„ცალსახაა, რომ მაჟორიტარ დეპუტატებსა და მერის წარმომადგენლებს ერთმანეთთან მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. ორივე პოზიციაზე მომუშავე ადამიანებს უდიდესი პასუხიმგებლობა ეკისრებათ როგორც ხელისუფლების, ისე მშობლიური სოფლების წინაშე. ვგეგმავთ ასეთი თათბირების გარკვეული პერიოდულობით გამართვას,“- აღნიშნა თათბირის მიწურულს ოთარ ჩალათაშვილმა.

ახალი თვითმმართველობის ორგანოების არჩევიდან დღემდე – ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობით ერთობლივი თათბირი გაიმართა.