ატმოსფერული ჰაერის ახალი სტანდარტი საქართველოში

ჰაერის ხარისხის მონიტორინგს, ლოკალური და მობილური სადგურებით განახორციელებენ

2018 წლის 1 აგვისტოდან ქვეყანაში ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტები ინერგება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება მოხდეს თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით.

„ჩვენ მივიღეთ ევროპული დონის სტანდარტი ჰაერში ზღვრული ნორმების შესახებ, აქ განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებლების ზღვრები, მათ შორის მძიმე მეტალების და დიოქსიდების. დღეიდან, როდესაც გვექნება ატმოსფერული ჰაერის შეფასება, შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ ატმოსფერული ჰაერი შევაფასოთ ევროპული პრინციპების მიხედვით. აღნიშნული სტანდარტი ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი, ეკოლოგიური პოლიტიკის ნაწილია,“- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული სტრუქტურა აქტიურად ახორციელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს, ლოკალური და მობილური სადგურების მეშვეობით, ასევე მუშაობს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განახლება-გაფართოებაზე. ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვა პასუხობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ჰაერის ხარისხზე მონიტორინგის ევროპული სტანდარტების დანერგვის პარალელურად განვითარდება ვებ პორტალი, სადაც მოქალაქეებს მუდმივ ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ ინფორმაციის მიღება, კონკრეტულ ლოკაციებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით.