საქართველოში რეზერვის საპილოტე პროგრამა იწყება [Audio]

რეზერვში მიღების მსურველებს საბუთების შეტანა შეუძლიათ 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით

საქართველოში აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის განხორციელება იწყება. პირველ ეტაპზე, მოხდება კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონების მცხოვრებლების მიღება ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში.

აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია უკვე განხორციელდა კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ამჯერად კი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინიტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბენედიქტე გეგეჭკორმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა პროექტის შინაარსი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გააცნეს.
5-წლიან პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 50 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, ასევე სტუდენტებს 18-დან 22 წლის ჩათვლით, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს სასამსახური შეუნარჩუნდებათ, თუმცა, როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, პაატა ასრათაშვილი ამბობს, შეხვედრაზე გაჟღერდა შენიშვნა, რომ ასეთივე ვალდებულება დაეკისროს კერძო სექტორსაც.

რეზერვში მიღების მსურველებს საბუთების შეტანა შეეძლებათ 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. მისამართი: ქ.თელავი, თამარ მეფის ქუჩა #36 (ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა).

რამდენი იქნება რეზერვში ჩარიცხულთა სახელფასო სარგო და როგორ გადანაწილდება სამუშაო დღეები? უფრო დეტალურად ამ პროგრამის შესახებ შეიტყვეთ აუდიოსიუჟეტიდან.